ანჯეი დუდა - აშშ-ის გადაწყვეტილება ძალიან საჭირო იყო, რუსეთი ხედავს, რომ უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა აქვს და დასავლეთის პოზიცია ურყევია, ეს არის პოტენციურად გადამწყვეტი მომენტი ამ ომში
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აშშ-ის მიერ შეზღუდვების მოხსნა, რომლებიც უკრაინას აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას უკრძალავდა, უკრაინისთვის, შესაძლოა, ომში გადამწყვეტი იყოს.
ანჯეი დუდას თქმით, აშშ-მა საჭირო გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან საჭირო. რუსეთი ხედავს, რომ უკრაინას აქვს ძლიერი მხარდაჭერა და დასავლეთის პოზიცია ურყევი, გადამწყვეტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პოტენციურად გადამწყვეტი მომენტი ამ ომში“, – განუცხადა დუდამ ჟურნალისტებს.
დუდამ გააკრიტიკა საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის პოზიცია. მან უკმაყოფილება გამოთქვა ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის გამოც.
„გერმანია, შესაძლოა, ეძებს შესაძლებლობებს, როგორც გერმანული პრესა მიუთითებს, მიაღწიოს გარკვეულ შეთანხმებას რუსეთთან, რათა დაუბრუნდეს ენერგეტიკულ კონტრაქტებს და რუსეთისგან ენერგორესურსების ხელახლა ყიდვა შეძლოს.
„რუსეთი სასტიკად უტევს უკრაინას და თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, დასავლეთის ერთ-ერთი ლიდერი, დიდი ევროპული ქვეყანა, ევროპაში უძლიერესი ეკონომიკის მქონე, მოლაპარაკებებს აწარმოებს აგრესორთან. აბსოლუტურად მჯერა, რომ ეს იყო შეცდომა საერთაშორისო პოლიტიკურ ფრონტზე“, – აღნიშნა დუდამ.
ცნობისთვის, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.
როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას პირველად მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა, უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ.