ანჯეი დუდა აცხადებს, რომ რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნის შესახებ სადავო კანონში ცვლილებებს წარადგენს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ის რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნის შესახებ სადავო კანონში ცვლილებებს წარადგენს. ამ განცხადებით პოლონეთის პრეზიდენტმა უპასუხა მის მიერ ორშაბათს ხელმოწერილი კანონის მიმართ ოპოზიციის, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას.
კანონის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ კანონმა, შესაძლოა, ცალკეულ პირებს აუკრძალოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება შესაბამისი სასამართლო განხილვის გარეშე.
„შოკირებული ვარ ამ ბრალდებების გამო. მე მოვამზადე შესწორება ამ კანონისთვის, დებულებების სერია, რომელიც არეგულირებს ან ცვლის ამ კანონის დებულებებს, რომელმაც უდიდესი უთანხმოება გამოიწვია“, – განაცხადა დუდამ სატელევიზიო მიმართვაში.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, შეთავაზებული ცვლილებები მოიცავს დებულებებს, რომლებიც პარლამენტის წევრებს კომისიის წევრებად არჩევას უკრძალავს. ცვლილებები ასევე ეხება საერთო სასამართლოში გასაჩივრების უფლებას და აუქმებს დებულებებს, რომლებიც თანამდებობების დაკავებას კრძალავს.
„მე ვთავაზობ ამ ზომების გაუქმებას, შენარჩუნდება მხოლოდ კომისიის შესახებ განცხადება, რომ პირი, რომელზეც დადგინდება, რომ ის რუსული გავლენით მოქმედებს, სახელმწიფო ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას არ უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ანჯეი დუდამ.
კანონის ამჟამინდელი ვერსია ქვეყანაში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიას შეეძლება, აუკრძალოს პირებს საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, თუ დაადგენს, რომ ისინი კრემლის გავლენის ქვეშ მოქმედებენ. პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონი მიმართულია ქვეყანაში კრემლის აგენტების წინააღმდეგ, თუმცა კანონის კრიტიკოსები შიშობენ, რომ მთავრობამ, შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნების წინ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოსაშორებლად გამოიყენოს.