ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების თაობაზე პროცედურებს დაიწყებს
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების თაობაზე პროცედურების გატარებას დაიწყებს.
პოლიტიკოსები მიმდინარე კვირას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს.
„გადავწყვიტე შეწყალების პროცესის დაწყება. მინდა, რომ ეს პროცესი წარიმართოს აბსოლუტურად ყველა კონსტიტუციური და სამართლებრივი სტანდარტის დაცვით“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
როგორც დუდა განმარტავს, შეწყალების თხოვნით მას დაპატიმრებული პოლიტიკოსების მეუღლეებმა მიმართეს.
პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეწყალების მოთხოვნას გენერალური პროკურორი რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს.
შეგახსენებთ, პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის სასახლეში დააკავა. კამინსკი და ვასიკი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2007 წელს განხორციელებული ქმედებებისთვის გაასამართლეს. ანჯეი დუდამ ისინი 2015 წელს შეიწყალა, თუმცა გასული წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ მათი შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შემდეგ პოლიტიკოსები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. დეკემბრის მიწურულს ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.