ანჯეი დუდა აცხადებს, რომ პოლონეთი მზადაა, განათავსოს ბირთვული შეიარაღება თავის ტერიტორიაზე, თუ ნატო გადაწყვეტს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთი მზადაა, განათავსოს ბირთვული შეიარაღება თავის ტერიტორიაზე, თუ ნატო გადაწყვეტს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას.
„რუსეთი ახდენს კენიგსბერგის ოლქის მზარდ მილიტარიზაციას. ცოტა ხნის წინ რუსეთმა ბირთვული იარაღი განათავსა ბელარუსში. თუ მოკავშირეები გადაწყვეტენ, განათავსონ ბირთვული შეიარაღება ჩვენს ტერიტრიაზე, რათა განამტკიცონ ნატო-ს აღამოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში ანჯეი დუდამ.
დუდას თქმით, ეს საკითხი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არის პოლონეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების საგანი.
„ამაზე უკვე რამდენჯერმე ვისაუბრე. უნდა დავადასტურო, რომ როდესაც ამის შესახებ მკითხეს, დავადასტურე ჩვენი მზადყოფნა“, – ამბობს დუდა.
საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთი გადადგამს საჭირო საპასუხო ნაბიჯებს, რათა რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული იყოს“.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი გასულ კვირაში ნიუ იორკში იმყოფებოდა, სადაც ის დონალდ ტრამპს შეხვდა. პოლონურ მედიასთან საუბრისას დუდამ ტრამპს მეგობარი უწოდა.
„მე მომწონს მასთან საუბარი, რადგან ის ძალზედ საინტერესო პერსონაა და აქვს დიდი გამოცდილება როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.