ანჯეი დუდა აცხადებს, რომ გაერო-ში ზელენსკის განცხადებებით „გამწარებული იყო“, თუმცა მზად არის, მარცვლეულის დავის მოსაგვარებლად მას, როგორც „მეგობარს“ ესაუბროს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ მზად არის, ესაუბროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც „მეგობარს“ უკრაინის მარცვლეულის დავის მოსაგვარებლად.
როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, ზელენსკისთან სასაუბროდ გამოთქვამს მზადყოფნას, რათა გადაიჭრას ქვეყნებს შორის არსებული „რთული სიტუაცია“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაანაწყენა თუ არა ზელენსკის კომენტარებმა, რომელიც მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა, დუდამ განაცხადა: „ალბათ ნაწყენი ძალიან ძლიერი სიტყვაა“.
„გამწარებული ვიყავი, მირჩევნია ასე განვაცხადო. მე ამას ვიტყვი, მშვიდად ვიყოთ, გთხოვთ, ტემპერატურას ნუ გავზრდით, რადგან ეს არის დავა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის მცირე ნაწილს ეხება. ნუ დავუშვებთ, რომ გავლენა მოახდინოს მთლიანობაში, რადგან ამას არანაირი გამართლება არ აქვს და ამით მხოლოდ სხვები ისარგებლებენ“, – განაცხადა დუდამ.
რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებას, რომ ვარშავა იარაღს აღარ გადასცემდა კიევს, დუდამ აღნიშნა, რომ აღნიშნული განცხადება „ყველაზე უარესი სახით იქნა ინტერპრეტირებული“.
მისი განმარტებით, მორავიეცკი საუბრობდა პოლონეთის არმიის მოდერნიზაციისთვის განკუთვნილ ახალ იარაღზე, ხოლო პოლონეთის მიერ უკვე გაცემული დაპირებები უკრაინისთვის, მათ შორის, ჰაუბიცების, საბრძოლო მასალისა და ნაღმების გამწმენდი მანქანების მიწოდების შესახებ, შესრულდება. ამასთან ერთად, მან არ გამორიცხა მომავალში კიევისთვის იარაღის გადაცემის განახლების შესაძლებლობა.