ანიკო გლოგოვსკი-მერტენი - ბუნდესტაგის ზოგიერთი წევრი საქართველოში გაემგზავრება არჩევნებზე დასაკვირვებლად, დარწმუნებული ვარ, ფხიზლად დააკვირდებით ვითარებას, მაგრამ ამის შემდეგაც არ უნდა მოვდუნდეთ
ძვირფასო ქართველებო, ჩვენ გხედავთ თქვენ. გაუძელით, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით რუსი ოლიგარქების მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ, ხმა მიეცით თავისუფლებას, – ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა ანიკო გლოგოვსკი-მერტენიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, დამკვირვებლები, რომლებიც გერმანიიდან საქართველოში გაემგზავრებიან, ფხიზლად დააკვირდებიან ადგილზე არსებულ ვითარებას.
„საქართველო არის ქვეყანა მდიდარი კულტურითა და ისტორიით, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით, რომელმაც გაუძლო როგორც საბჭოთა ოკუპაციას, ასევე ომებს. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხი მუდმივად ჩართულია უამრავ დემონსტრაციაში, რომელიც გამოხატავს სწრაფვას თავისუფლებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ეს ჩართულობა და ნებისყოფა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქართველების მხრიდან, სამაგალითოა. 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ეს არჩევნები იმართება იმ კადრების ფონზე, რომელიც ყველამ ვნახეთ თბილისიდან – ადამიანები, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროევროპული ქვეყნისთვის და ამის გამო წყლის ჭავლებით, ხელკეტებით უსწორდებიან. ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ამ გამბედავი ადამიანების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერების, ჟურნალისტების, ქვიარ თემის და კულტურის სფეროს მოღვაწეების მიმართ, რომლებიც წლებია, იბრძვიან თავისუფლებისთვის. თავისუფლებისთვის სწორედ ეს ბრძოლა ეკლადაა ქცეული რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც დღემდე სამხედრო ოკუპაციას ახორციელებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ოლიგარქების მხარდაჭერით, პარტია „ქართული ოცნება“ კრემლის იარაღად და ქართულ კოშმარად იქცა. ქვიარ თემი მიზანმიმართულად დისკრიმინირებული და კრიმინალიზებულია სექტემბერში მიღებული კანონებით. უკვე აღარც კი ცდილობენ, დაფარონ პარალელები რუსეთის LGBT კანონთან. აშკარაა მთავრობის კავშირი იმპერიალისტ მეზობელთან.
მსგავსი ვითარებაა უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით. პატივცემულო კოლეგებო, სიტყვებს უზარმაზარი გავლენა აქვს იმაზე, როგორ აღვიქვამთ სამყაროს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების უცხოელ აგენტებად მოხსენიება შეგნებულად გვახსენებს საქართველოში საბჭოთა მმართველობის პერიოდს. დროს, როდესაც ისინი, ვინც საბჭოთა იმპერიალიზმს უპირისპირდებოდნენ, ციხეებსა და შრომით ბანაკებში ქრებოდნენ და აღარასდროს ჩანდნენ. ივანიშვილი საჯაროდ მოითხოვს „ნიურნბერგის პროცესსა“ და პოლიტიკური ოპოზიციის დევნას. ეს საფრთხეა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკისთვის, არამედ მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომ, ძვირფასო კოლეგებო, მოგმართავთ თხოვნით: მომდევნო დღეებში ზოგიერთი თქვენგანი საქართველოში გაემგზავრება არჩევნებზე დასაკვირვებლად და, დარწმუნებული ვარ, თქვენ ფხიზლად დააკვირდებით ადგილზე არსებულ ვითარებას, მაგრამ ამის შემდეგაც არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან იმპერიალისტებისა და მათი მარიონეტების ფანტაზიები ერთ ღამეში არ ქრება. ნება მომეცით, მივმართო სამხრეთ კავკასიელ ხალხს. ძვირფასო ქართველებო, ჩვენ გხედავთ თქვენ. გაუძელით, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით რუსი ოლიგარქების მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. ხმა მიეცით თავისუფლებას. გამოსვლას დავასრულებ საქართველოს ქუჩებში მომიტინგეთა შეძახილებით: „არა რუსულ კანონებს და კი საქართველოს, როგორც ევროკავშირის ნაწილს“, – განაცხადა ანიკო გლოგოვსკი-მერტენიმ.