კრემლის ინფორმაციით, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა კიევი დონბასში პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა
კრემლის ინფორმაციით, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა კიევი დონბასში პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა

გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევი დონბასში პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

შიდაუკრიანული კრიზისის დარეგულირების საკითხებზე მოსაზრებების გაცვლის დროს რუსეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით. ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა პროვოკაციულ ქმედებებზე კიევის მხრიდან, რომელიც ბოლო დროს შეხების ხაზზე მიზანმიმართულად ამწვავებს ვითარებას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის გამო 11 უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა. კიევი პრორუსი მებრძოლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.