ანგელა მერკელმა მისი სავარაუდო შემცვლელი, ოლაფ შოლცი მსოფლიო ლიდერებთან დიდი ოცეულის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ მოლაპარაკებებზე მიიწვია
ანგელა მერკელმა მისი სავარაუდო შემცვლელი, ოლაფ შოლცი მსოფლიო ლიდერებთან დიდი ოცეულის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ მოლაპარაკებებზე მიიწვია

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მისი სავარაუდო შემცვლელი, ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი მსოფლიო ლიდერებთან დიდი ოცეულის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ მოლაპარაკებებზე მიიწვია. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიდი ოცეულის“ სამიტი 30-31 ოქტომბერს რომში გაიმართება. ანგელა მერკელის დღის წესრიგში დაგეგმილია მისი ორმხრივი მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

ამჟამად გერმანიაში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს სამი პარტია აწარმოებს. კერძოდ, მოლაპარაკებებში „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მონაწილეობენ. მოლაპარაკებები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, კანცლერი სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი გახდება.

შეგახსენებთ, 26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გერმანიაში ანგელა მერკელის მმართველი ბლოკი CDU/CSU მცირედით ჩამორჩა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას.