სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლაზე და ქერჩის სრუტის ინციდენტზე ისაუბრეს გერმანიის კანცლერმა და რუსეთის პრეზიდენტმა. ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ სირიაში საკონსტიტუციო კომიტეტის წევრების სიის განსაზღვრა კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირების პირობებს შექმნის. სირიის კონფლიქტის დარეგულირებაზე გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და თურქეთი ოთხმხრივ ფორმატში მსჯელობენ.
ორი ქვეყნის ლიდერმა ქერჩის სრუტეში, რუსეთის ხომალდების მიერ უკრაინულ კატარღებზე თავდასხმისა და უკრაინელი მეზღვაურების დაკავებაზეც ისაუბრეს. მერკელისა და პუტინის სატელეფონო საუბრამდე, გერმანიამ და საფრანგეთმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და რუსეთს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.