ანგელა მერკელმა და დალია გრიბაუსკაიტემ ევროკავშირისა და ნატო-ს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს
ვილნიუსში გერმანიის კანცლერისა და ლიტვის პრეზიდენტის შეხვედრისას ევროკავშირისა და ნატო-ს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს . ანგელა მერკელმა და დალია გრიბაუსკაიტემ თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააღრმავოს. ასევე, ანგელა მერკელმა ისაუბრა ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, ოფიციალურ ბერლინს სურს, ბლოკის დატოვების შემდეგ, ევროკავშირს ბრიტანეთთან ახლო ურთიერთობები ჰქონდეს.
„ჩვენ ბრიტანეთთან კარგი, სანდო კავშირები გვსურს. გვინდა, ვითანამშრომლოთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. მაგრამ, ეს ასევე დამოკიდებულია ბრიტანეთზე, თუ როგორ სურს ევროკავშირთან ურთიერთობების განსაზღვრა“, – აღნიშნა მერკელმა.
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერი ქალაქ რუკლაში განთავსებულ მრავალეროვნულ ბატალიონსაც მოინახულებს, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს.