ანგელა მერკელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა
ანგელა მერკელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ უკვე დასრულდა.

შეხვედრაში ოპოზიციის მხრიდან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მონაწილეობდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრაზე გაცილებით უფრო გულწრფელი და პროდუქტიული საუბარი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდა.

„ქალბატონი კანცლერი ძალიან დაინტერესებული იყო ჩვენი შეფასებებით  – უპირველეს ყოვლისა, რა ხდება საქართველოში, რა ხდება საქართველოს დემოკრატიულ პროცესში, რა არის იმ პოლიტიკური ძალების განლაგება, რომელიც ახლა აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და შემდგომ ამის გაგრძელებას, როგორც ვუყურებთ ჩვენ მდგომარეობას რეგიონში და როგორ ვუყურებთ იმას, რა გავლენას ახდენს რუსეთი საქართველოსა და რეგიონზე, როგორ ვაფასებთ ევროპის კავშირთან, ევროპასთან და პოლიტიკურ დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება ნატო-ს, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ანგელა მერკელმა გულწრფელად დააფიქსირა იგივე პოზიცია, რა პოზიციაც მას ყოველთვის ჰქონდა.

„სრულიად გულწრფელად ქალბატონმა მერკელმა დააფიქსირა იგივე პოზიცია, რა პოზიციაც მას ყოველთვის ჰქონდა საქართველოს ნატო-სთან შემდგომ დაახლოებაზე. ერთი მხრივ, ეს გასაგებია, იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც დღეს მსოფლიო იმყოფება, დამატებითი პასუხისმგებლობის აღება არც ერთ მხარეს არ სურს. მეორე მხრივ კი, ასევე გულწრფელად ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ექვსი წელიწადი ამ ე.წ. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა პარტნიორებთან ისეთი მუშაობა, რომელიც მათ დაარწმუნებდა ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ანგელა მერკელი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ხვდება.