ანგელა მერკელი - ვგმობთ ქსენოფობიის ყველა ფორმის გამოვლენას
ანგელა მერკელი - ვგმობთ ქსენოფობიის ყველა ფორმის გამოვლენას

ვგმობთ ანტისემიტიზმისა და ქსენოფობიის ყველა ფორმის გამოვლენას. სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს სამართლებრივი ზომები.  ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინის ცენტრში გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

როგორც „პირველი არხის“ კორესპონდენტი იტყობინება, გუშინ  ბერლინში გამართულ დემონსტრაციაზე 2500 ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება გააპროტესტეს და დროშები დაწვეს.

ისრაელის ეროვნული სიმბოლოების დაწვაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

”არ აქვს გამართლება და არავის აქვს უფლება, დაწვას ისრაელის დროშები, გამოავლინოს სიძულვილი ებრაელების მიმართ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ისრაელის არსებობა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა.

ისრაელში სამშვიდობო პროცესი და ტრამპის გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ევროკავშირის მაღალჩინოსნების შეხვედრის თემაა.

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ისრაელის პრემიერი უკვე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.