ანგელა მერკელი საუდის არაბეთს მოუწოდებს, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა სწრაფად, გამჭვირვალედ და სარწმუნოდ გამოიძიონ
ანგელა მერკელი საუდის არაბეთს მოუწოდებს, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა სწრაფად, გამჭვირვალედ და სარწმუნოდ გამოიძიონ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საუდის არაბეთს მოუწოდებს, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა სწრაფად, გამჭვირვალედ და სარწმუნოდ გამოიძიონ.

ამის შესახებ ინფორმაციას კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარი კანცლერსა და საუდის არაბეთის მონარქს შორის დღეს შედგა.

ანგელა მერკელმა მკაცრად დაგმო ჟურნალისტის მკვლელობა და აღნიშნა, რომ დამნაშავე პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. საუბრისას ანგელა მერკელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იემენში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საუდის არაბეთს მოუწოდა, ჰუმანიტარული დახმარების ეფექტურად უზრუნველყოფისთვის ყველაფერი გააკეთოს.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ორი კვირის შემდეგ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში ჩხუბის დროს გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში მოკლეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს.