ანგელა მერკელი საქართველოში - რა ინფორმაცია მიიღო ვიზიტის შესახებ პირველმა არხმა გერმანიის მთავრობიდან
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის დაწყებამდე, პირველმა არხმა მიმართა გერმანიის მთავრობის სპიკერატს, მოეწოდებინა ინფორმაცია, რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას კანცლერი საქართველოში.
გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომელიც კანცლერის ვიზიტის გაშუქების წინ გერმანელ ჟურნალისტებსაც გააცნეს.
აღნიშნულ ინფორმაციაში აქცენტებია დასმული რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მეათე წლისთავსა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე; აგრეთვე ხაზგასმულია საქართველოსთან დაკავშირებით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერა; საქართველოს მნიშვნელოვანი განვითარება და 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა; უვიზო მიმოსვლა გერმანიასთან; ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი ამ ღონისძიებაზე.
„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მეათე წლისთავიდან რამდენიმე დღე გავიდა. რუსეთს ამჟამად ჯარი ჰყავს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიას ეკუთვნის. კანცლერი უკვე იმყოფებოდა 2008 წელს ადგილზე ამ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშესაწყობად. ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ამისთვის მოქმედებს სპეციალური ფორმატი – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელშიც გერმანია ევროკავშირის მეშვეობით ირიბად მონაწილეობს“, – აცნობეს პირველ არხს გერმანიის მთავრობიდან.
ამასთან, როგორ ცნობილი გახდა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩავა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
კანცლერის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ გერმანია როგორც ნატო-ს ყველა სხვა წევრი, მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით ალიანსის ღია კარის პოლიტიკა დადასტურდა.
როგორც ბერლინში აცხადებენ, ბუქარესტის სამიტზე დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს გარკვეულ დროს და კონკრეტული პირობების შემდეგ მოხდება. გერმანიის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარტნიორობა ნატო-სთან ძლიერდება, თუმცა ქვეყნის ფორმალური გაწევრიანება ალიანსში ამ ეტაპზე „ოპერატიულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ შედის“.
გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან განვითარებას მიაღწია, ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში 4,5%-ს შეადგენს.
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად საქართველოს ბუნდესტაგის წევრები და გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები ეწვევიან. გერმანიის მთავრობაში „საქართველოს გერმანიის ეკონომიკისთვის კარგი, თუმცა მცირე პარტნიორი უწოდეს“.
ანგელა მერკელის ვიზიტამდე გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოს გერმანიასთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს.
„სავიზო რეჟიმის გაუქმებისთანავე გერმანიაში დაფიქსირდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა, თუმცა ახლა ეს რიცხვი ისევ დაბალ ნიშნულს დაუბრუნდა, როგორიც სავიზო რეჟიმის გაუქმებამდე იყო“, – უთხრეს პირველ არხს გერმანიის მთავრობაში.გერმანიის კანცლერის ოფისში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველო საპატიო სტუმარი იქნება მიმდინარე წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტისას ანგელა მერკელი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.