ანგელა მერკელი - საქართველოს რუსეთის ფაქტორის გამო, ძალიან ცუდად მოუწია განვითარება
ანგელა მერკელი - საქართველოს რუსეთის ფაქტორის გამო, ძალიან ცუდად მოუწია განვითარება

ჰუმანიტარული სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალიან კატასტროფულია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მითხრა, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტის კითხვის პასუხად.

სტუდენტმა ანგელა მერკელს ჰკითხა, როგორ შეაფასებდა პროცესებს, რომელიც ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მიმდინარეობს და თუ თვლის, რომ აღნიშნული რეგიონები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

„როგორც ვთქვი, ეს არის უსამართლობა. მე პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ ჰუმანიტარული სიტუაცია ამ რეგიონებში ძალიან კატასტროფულია, ბევრი ადამიანი ტოვებს თავის სამშობლოს, მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, ადამიანები, რომლებსაც სამშობლო ჰქონდათ, აღარ ცხოვრობენ იქ. საქართველო მუშაობს ამ მიმართულებით და გერმანიას შეუძლია დაეხმაროს. რაც იქ ხდება, ეს არის მიუღებელი სიტუაცია“, –  განაცხადა ანგელმა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ის ძალიან ბევრ დროს უთმობს კონფლიქტების მოგვარებაზე ფიქრს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებზე.

„მე პირადად ბევრს დროს ვუთმობ სხვადასხვა კონფლიქტის მოგვარებაზე ფიქრს, მაგალითად, უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებზე. საქართველოს რუსეთის ფაქტორის გამო, ძალიან ცუდად მოუწია განვითარება. რუსეთის ფაქტორი ძალიან დიდი იყო. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ უნდა შევეგუოთ. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, რომელსაც ერთ დღეში გადავწყვეტთ. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ამ რეგიონებში ადამიანებს ძალიან ცუდად აქვთ საქმე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისი შეფასებით, აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარება და გერმანიას აქვს ჰუმანიტარული მისია, რომელიც ცდილობს, ამ კონფლიქტის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„პირველ რიგში, უნდა დავეხმაროთ ჰუმანიტარულად. ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული მისია, რომელიც ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში. როდესაც ადამიანს სამედიცინო დახმარება, განათლება სჭირდება, აუცილებელია, მას ჰქონდეს შესაძლებლობა გადმოლახოს საზღვარი, როდესაც მათ აღნიშნული შესაძლებლობა უმცირდებათ, ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს დღეს, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ შეხვდა.

ამასთან, დღესვე, გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.