ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება
გერმანიაში მუშავდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება. ამის შესახებ შესაბამისი კითხვის პასუხად, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს“, – განაცხადა კანცლერმა.
ამასთან, მისი თქმით, მათ შორის საუბარია პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებაზე.
ანგელა მერკელმა გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„გარდა ამისა, გერმანული ენის ხელშეწყობა, უმაღლესი განათლების მიღება იმ დონეზე, რათა ათვისებული და გაძლიერებულ იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული. რასაც ადამიანები სწავლობენ და ითვისებენ, ამის გამოყენება უნდა შეეძლოთ ისევ და ისევ გერმანიაში ლეგალურად. ვფიქრობ, საქართველო სწორ ადგილზეა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.