ანგელა მერკელი ოკუპაციის შესახებ კითხვაზე - რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი პოზიცია, ეს არის უსამართლობა
რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი პოზიცია, ეს არის უსამართლობა, – ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველი არხის კითხვაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხებოდა.
„ხვალ მივემგზავრები კონტაქტის ხაზზე, ანუ იმ ხაზზე, რომელზეც ევროკავშირის მისია ცდილობს, სულ მცირე, დააკვირდეს მდგომარეობას, რათა ამით გამოვხატო, რომ ეს უსამართლობად მიმაჩნია. რუსეთის პრეზიდენტი იცნობს ჩემს პოზიციას. სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, მაგალითად უკრაინასთან კავშირში, მჭიდრო დიალოგი გვაქვს და ვცდილობთ, გადავჭრათ კონფლიქტი. ვფიქრობ, ეს კონფლიქტები გარკვეულწილად ერთმანეთთანაა ბმაში. სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად იქაც მცირე პროგრესს განვიცდით. ამიტომ შემიძლია, მხოლოდ იმაში დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ამ უსამართლობას არ დავივიწყებთ და განვაგრძობთ იმაში წვლილის შეტანას, რომ ჩვეულ დღის წესრიგს კი არ დავუბრუნდეთ, არამედ – ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში“ – განაცხადა ანგელა მერკელმა პირველი არხის კითხვის საპასუხოდ.
პირველის არხის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას კითხვა კი ასეთი იყო: საქართველოში ჩამოსვლამდე თქვენ შეხვდით რუსეთის პრეზიდენტს, საქართველოში დიდი ინტერესია ამ შეხვედრის მიმართ. რადგან პრესკონფერენცია არ ყოფილა, ჩვენთვის უცნობი დარჩა, იყო თუ არა პუტინთან შეხვედრის დროს რაიმე ფორმით საუბარი საქართველოს ოკუპაციაზე და თქვენ როგორ ხედავთ ამ მხრივ ევროკავშირის, გერმანიის როლს.