ანგელა მერკელი მოსკოვში გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით ჩადის
ანგელა მერკელი მოსკოვში გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით ჩადის

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს მოსკოვში ჩავა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრაა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, პუტინი და მერკელი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის იქნება პანდემიასთან ბრძოლა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მდგომარეობა, ბელარუსისა და ავღანეთის თემა. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს მერკელი ასევე ისაუბრებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე. ბერლინში სურთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით გაგრძელდეს.

მერკელი და პუტინი ბოლოს პირისპირ 2020 წლის 11 იანვარს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის რანგში მერკელისთვის ეს ბოლო ვიზიტი იქნება მოსკოვში.