ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი – მივმართავ პრეზიდენტ პუტინს, დაასრულეთ თქვენი ომი, დაასრულეთ ახლავე

10:19, 20.11.2026

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ალბანეზემ ჩინეთში, შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის გახსნისას განაცხადა.

„პირდაპირ მივმართავ პრეზიდენტ პუტინს, დაასრულეთ თქვენი ომი, დაასრულეთ ის ახლავე“, – აღნიშნა ალბანეზემ.

როგორც „გარდიანი“ წერს, ალბანეზემ განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც დარბაზში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმყოფებოდნენ. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი პუტინს პირდაპირ მიმართავდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს მისთვის არ შეუხედავს.

როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო ვაჭრობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები წარმოადგენს. მისი თქმით, ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ომების დასასრულებლად.

„ვაჭრობის შეფერხების ორი უმთავრესი მიზეზი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასასრულებლად. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გავლენას ახდენს გლობალურ ინფლაციაზე და ჩვენს ეკონომიკებში ცხოვრების ხარჯების ზრდას იწვევს“, – განაცხადა ალბანეზემ.

მისივე თქმით, გლობალური ეკონომიკა სულ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დგას, რასაც სამხედრო კონფლიქტები, მიწოდების ჯაჭვების შეფერხება და საერთაშორისო წესრიგის მიმართ მზარდი გამოწვევები განაპირობებს.

ამასთან, ალბანეზემ დადებითად შეაფასა აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა.

„მივესალმები პრეზიდენტ სი ძინპინის, პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრას. ვიმედოვნებთ, რომ მას დადებითი შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი