ანგელა მერკელი - მოხარული ვიქნებოდი, სკრიპალის მოწამვლის საქმეზე რუსეთი არ მეხსენებინა, მაგრამ მტკიცებულებებს ვერ უარვყოფთ
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის თქმით, მოხარული იქნებოდა, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე რუსეთი არ ეხსენებინა, თუმცა მტკიცებულებების უარყოფა შეუძლებელია. ამის შესახებ მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის საქმეში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის პოზიციას უჭერს მხარს.
„მოხარული ვიქნებოდი, ამ საქმეში რუსეთი არ მეხსენებინა, მაგრამ ჩვენ მტკიცებულებებს ვერ უარვყოფთ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის ხსენება არ გვსურს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთი მათ მოწამვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს.