ანგელა მერკელი - მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას
მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა“, – განაცხადა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა შეუძლიათ.
„ვფიქრობთ, ჩვენ სხვადასხვა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები, ასევე ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რათა ეკონომიკაში ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდეს, გავცვალოთ გამოცდილებები“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
ამასთან, როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს შეუძლია, ევროკავშირში აგრარული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს და აღნიშნა, რომ გერმანიას შეუძლია ამაში დიდი წვლილის შეტანა.