ანგელა მერკელი - ილუზიად მივიჩნიე ვარაუდი, რომ ნატო-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს და უკრაინას პუტინის აგრესიისგან დაიცავდა და პუტინი მოვლენებს პასიურად მიიღებდა
ილუზიად მივიჩნიე იმის ვარაუდი, რომ ნატო-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და საქართველოს პუტინის აგრესიისგან დაიცავდა, ამ სტატუსს ისეთი შემაკავებელი ეფექტი ექნებოდა, რომ პუტინი მოვლენებს პასიურად მიიღებდა, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილი კანცლერის მემუარებშია ნათქვამი, საიდანაც ნაწყვეტები გამოცემა „დი ცაიტმა“ გამოაქვეყნა.
მერკელი წერს, რომ ესმოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სურვილი, რაც შეიძლება მალე გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, მაგრამ ახალი წევრის მიღებამ არა მხოლოდ მათ, არამედ ნატო-საც უნდა მოუტანოს მეტი უსაფრთხოება.
გერმანიის ყოფილი კანცლერი მემუარებში აღნიშნავს, რომ დაინახა რისკები უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხელშეკრულებით გარანტირებულ ყოფნასთან დაკავშირებით.
„გარდა ამისა, იმ დროს უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობამ დაუჭირა მხარი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას“, – იხსენებს მერკელი.
გერმანიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი წერს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოს და უკრაინას ვერ დაიცავდა რუსული აგრესიისგან.
„შეიძლებოდა თუ არა იმის წარმოდგენა, რომ საგანგებო სიტუაციებში ნატო-ს წევრი ქვეყნები უპასუხებდნენ სამხედრო ძალით – სახსრებითა და ჯარით, და ჩაერეოდნენ? შეიძლებოდა თუ არა წარმოდგენა, რომ მე, როგორც კანცლერი, გერმანიის ბუნდესტაგს ვთხოვდი ასეთ მანდატს ჩვენი ბუნდესვერისთვის და მივიღებდი უმრავლესობის მხარდაჭერას? საქართველომ და უკრაინამ „მაპ“-ის სტატუსის შესახებ ვალდებულება რომ არ მიიღეს, მათი იმედების უარყოფა იყო. ის ფაქტი, რომ ნატო მათ ასევე დაჰპირდა წევრობის ზოგად ვალდებულებას, პუტინისთვის ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაზე „დიახ“-ს ნიშნავდა და ასევე ომის გამოცხადებას“, – წერს მერკელი.