ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალურ წერილში წერს, სადაც ის გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგელა მერკელი ხაზს უსვამს, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თქვენს კვლავ არჩევას ამ თანამდებობაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები კარგ საფუძველს იძლევა ჩვენს მთავრობებს შორის მომავალი თანამშრომლობისა და ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გერმანია გააგრძელებს საქართველოს სანდო პარტნიორობას სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის სტრუქტურების განვითარების გზაზე. დიდი გამოწვევების პერიოდში გისურვებთ წარმატებებსა და ძალას თქვენი საპასუხისმგებლო ამოცანების შესრულებაში“, – ნათქვამია ოფიციალურ წერილში.