ანგელა მერკელი - გერმანიას და ესპანეთს მიგრაციასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია აქვთ
ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაზეც გერმანიის კანცლერმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა იმსჯელეს მიგრაცია იყო. პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ მიგრანტების ეტაპობრივად მიღება და განთავსება უნდა გაგრძელდეს. ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე რასიზმის წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნების გაერთიანებას ხაზი რამდენჯერმე გაუსვა.
„მიხარია, რომ მიგრაციასთან დაკავშირებით გერმანიას და ესპანეთს საერთო პოზიცია აქვთ“, – განაცხადა ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ანგელა მერკელმა.
ესპანეთის მთავრობამ ხუთი დღის წინ გერმანიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, ორივე ქვეყანა თავშესაფრის მაძიებლებს თავშესაფრით უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა, თუ ისინი სხვა ქვეყანაში იმყოფებიან, მაგრამ მოთხოვნა ესპანეთის ან გერმანიის მთავრობის სახელზე აქვთ დაწერილი. აქამდე დუბლინის რეგულაციის თანახმად, მიგრანტს თავშესაფრის მიღების მოთხოვნა ევროკავშირის მხოლოდ იმ ქვეყანაში შეეძლო, რომლის ტერიტორიაზეც პირველად შევიდა.