ანგელა მერკელი - გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ
გერმანია, რა თქმა უნდა, მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიs კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ევროპულ გზასა და ევროპული არჩევანს უკავშირდებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველოს გაკეთებული აქვს ევროპული არჩევანი და როგორ შეაფასებდა კანცლერი ქვეყნის დღევანდელ პოზიციას ამ გზაზე და დაუჭერს თუ არა საქართველოს გერმანია მხარს, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოს გერმანია მხარს უჭერს და დაუჭერს.
„რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ. სწორედ ამიტომ ვარ აქ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება. ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
ამასთან, მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვიზალიბერალიზაცია.
„ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ეს არის ის ასპექტები, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს. ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვუსურვებ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.