ანგელა მერკელი - ევროკავშირს სჭირდება რეფორმები, ძლიერი ევროკავშირი არის გერმანიის ინტერესებში
ევროკავშირს სჭირდება რეფორმები, გერმანიის პერსპექტივიდან შემიძლია გითხრათ, რომ ძლიერი ევროკავშირი არის გერმანიის ინტერესებში და პირიქით, გერმანია მანამ იქნება კარგად, ვიდრე იქნება ძლიერი ფუნქციონალური ევროკავშირით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა კითხვის პასუხად, თუ როგორია ევროპისა და ევროკავშირის მომავალი და საჭიროა თუ არა რეფორმა.
როგორც კანცლერმა აღნიშნა, ევროკავშირი გასული წლების განმავლობაში დაკავებული იყო ძალიან ბევრი ბიუროკრატიული საკითხით.
ამასთან, ანგელა მერკელის თქმით, ევროკავშირში არ არის თანაბარზომიერი სტრატეგია ჩინეთის, ასევე რუსეთის მიმართ და ამიტომ, საერთო ევროპული ენის გამონახვა რთულდება.
„ევროკავშირი გასული წლების განმავლობაში დაკავებული იყო ძალიან ბევრი ბიუროკრატიული საკითხით, მაგალითად, შიდა ბაზრის მოწყობით, სხვა პრიორიტეტებით, მათ შორის საერთო თავდაცვითი კვლევის პოლიტიკა, რომელიც შეიქმნა, უფრო გაძლიერებული საგარეო პოლიტიკა, ეს არის ძალიან დიდი დეფიციტი. ჩვენ არ გვაქვს თანაბარზომიერი სტრატეგია ევროკავშირში ჩინეთის მიმართ, რუსეთის მიმართ, ამიტომ საერთო ევროპული ენის გამონახვა ძალიან რთულდება. ევროკავშირმა სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა იმუშაოს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მისი შეფასებით, ეს არის ძალიან დიდი ევროპული გამოწვევა, რომელსაც ცალკე ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს.
„ჩვენ ძალიან არაეფექტური ვართ, ფაქტობრივად ერთმანეთის კონკურენტები ვართ. ერთი მხრივ, ფრანგებთან თანამშრომლობა, მეორე მხრივ, „ეარ ბუსი“ და ჩვენი პროდუქტების ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გაყიდვა. გპირდებით, რომ სამომავლოდ იარსებებს ერთიანი თვითმფრინავები, ინოვაციური განვითარება. ვფიქრობ, ამ მხრივ ევროპა უნდა გაძლიერდეს და ძალიან დამაიმედებელი გეგმები არსებობს, თუმცა არის პუნქტები, რომელიც უნდა განვითარდეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.