ანგელა მერკელი - ევროკავშირმა მსოფლიოში თავისი პოზიცია უნდა გააძლიეროს
ანგელა მერკელი - ევროკავშირმა მსოფლიოში თავისი პოზიცია უნდა გააძლიეროს

ევროკავშირმა მსოფლიოში თავისი პოზიციები უნდა გააძლიეროს და საკუთარი ღირებულებები დაიცვას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომელსაც ტელეეთერში 31 დეკემბერს იხილავენ.

მილოცვის ტექსტი გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. ანგელა მერკელის თქმით, გერმანიის წარმატება ევროკავშირის წარმატებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და გერმანია მხოლოდ ევროკავშირში შეძლებს დაიცვას ღირებულებები, ინტერესები და უზრუნველყოს მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროპამ მსოფლიოში ხმა უნდა აიმაღლოს და 2020 წელს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, გერმანია სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.

ანგელა მერკელის თქმით, ევროპის კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია მეზობელი ქვეყნების კეთილდღეობაზეც.

საახალწლო მიმართვაში გერმანიის კანცლერმა კლიმატის დაცვის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გლობალური დათბობა რეალურია და კაცობრიობას საფრთხეს უქმნის, რის წინააღმდეგაც უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო.