ანგელა მერკელი ევროკავშირის სამიტისგან მიგრაციულ საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას არ ელოდება
ანგელა მერკელი ევროკავშირის სამიტისგან მიგრაციულ საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას არ ელოდება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის სამიტისგან მიგრაციულ საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას არ ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ „დეოიჩე ველე“ ავრცელებს.

ევროკავშირის სამიტი 28-29 ივნისს გაიმართება.

როგორც ანგელა მერკელმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლტოლვილებთან დაკავშირებული პოლიტიკის შვიდი პუნქტიდან ორი ამ დრომდე შეუთანხმებელი რჩება. საუბარია თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადების განხილვის პროცედურაზე და დუბლინის შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც მიგრანტმა თავშესაფარი უნდა მოითხოვოს ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში, რომელშიც პირველად შევიდა.

გერმანიის კანცლერის თქმით, აღნიშნული საკითხების განხილვას მეტი დრო დასჭირდება.

ბრიუსელში, 24 ივნისს მიგრაციის საკითხზე არაფორმალური სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის 16 სახელმწიფოს ლიდერმა. შეხვედრის მონაწილეებს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ, თუმცა კომპრომისის ძებნის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.