ანგელა მერკელი და ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთს მოუწოდებენ, რეგიონში დეესკალაციის მიზნით, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ანგელა მერკელსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა და მერკელმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეინ ფსაკის თქმით, ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა იმ შედეგებს, რაც შესაძლოა, რუსეთის ქმედებას მოჰყვეს.