ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე საქართველოში 223.7 პატიმარი მოდიოდა
ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პენიტენციური სტატისტიკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 8 321 პატიმარი იყო, მათ შორის არიან წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები.
ამავე მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, 8 321-დან 267 პატიმარი ქალია, მათგან 34 უცხოელია. 100 ათას მოსახლეზე კი, საქართველოში 223.7 პატიმარი მოდის.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პენიტენციური სისტემა 12 681 პატიმარზეა გათვლილი. სიმჭიდროვის მიხედვით, საშუალოდ თითოეულ პატიმარზე 4 კვადრატული მეტრი ფართობია განკუთვნილი. ყოველ 100 ადგილიდან კი, 75.2 ათვისებულია.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში, ამნისტია შეეხო 7 პატიმარს, შეწყალება კი – 490-ს.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ევროპის 13 ქვეყანაში სასჯელაღსრულების დაწესებულებები პატიმრებით გადავსებულია. არასახარბიელო ვითარება მაკედონიის, უნგრეთის, ასევე კვიპროსის, ბელგიისა და საფრანგეთის ციხეებშია დაფიქსირებული. ასევე, ანგარიშის მიხედვით, მზარდია პატიმართა რიცხვი მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაშიც. ბოლო წლის განმავლობაში, 100 ათას ადამიანზე, 117 პატიმარი მოდის.
ევროპის საბჭოს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამჟამინდელი ვითარება უპირველსად, პატიმრობის ვადების გახანგრძლივებით არის განპირობებული. დღეისთვის, საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ევროპის ციხეში სასჯელი 8.5 თვეს შეადგენს.
დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ ბოლო წლებში ევროპის ციხეებში უცხოელი პატიმრების რაოდენობის შემცირება გრძელდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპის ციხეებში ქალ პატიმართა რიცხვი უმნიშვნელოა და ის მხოლოდ 5.3%-ის შეადგენს. ამასთან, მათი 24.2% წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.