როგორ არის შესაძლებელი დაბერების შენელება ან სხეულის ბიოლოგიური საათის უკან გადაწევა ასაკის მატების მიუხედავად. წარმოიდგინეთ, რომ ეს ისეთი მარტივი შეიძლება იყოს, როგორც დღეში ერთი აბის დალევაა.
დიდი ხანია, ამის საუკეთესო კანდიდატი არის ვიტამინი D, რადგან ის მნიშვნელოვანია კუნთებისა და ძვლების საშენად, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად დეგრადირდება და სუსტდება. როგორც კვლევები აჩვენებს, საკმარისი D ვიტამინის გარეშე იზრდება ასაკთან დაკავშირებული კუნთების დაკარგვისა და უკმარისობის რისკი.
საინტერესოა, ანელებს თუ არა D ვიტამინის დანამატის მიღება ამ ტენდენციას? ან იქნებ საერთოდ ცვლის?
რთული საკითხია, როგორიც თავად დაბერება. ახალ მიმოხილვაში, იტალიელმა მკვლევრებმა შეისწავლეს მტკიცებულებები, რათა შეეჯამებინათ ყველაფერი, რაც ამ საკითხზე ვიცით. დავიწყოთ იმით, თუ რას წარმოადგენს დაბერება ბიოლოგიურ დონეზე.
დაბერების ნიშნები უჯრედულ ცვლილებათა გრძელ სიას ქმნის, რომელშიც შედის მოკლე ტელომერები, არასტაბილური გენები, მოლეკულური ნიშნები ჩვენს დნმ-ზე და ქრონიკული ანთება.
თუმცა, როგორც პერუჯას უნივერსიტეტის გერიატრიის სპეციალისტი კარმელინდა რუჯიერო და მისი კოლეგები ახალ პუბლიკაციაში განმარტავენ, ეს დამახასიათებელი ნიშნები „წარმოუდგენლად კომპლექსური და ძლიერ ურთიერთდაკავშირებული“ პროცესებია, რომელთა დაფიქსირებაც არც ისეთი ადვილია, როგორც ფიზიკური სიძლიერისა და მობილობის ზოგადი შესუსტება. ეს ის პირველი კლინიკური ნიშნებია, რომლითაც ექიმები სიბერეს ცნობენ.
უკვე ათწლეულებია, კლინიცისტები D ვიტამინის დანამატის მიღებას ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც ოსტრეოპოზი აქვთ; ამავე დროს, ძვლების დაბზარვის პრევენციისთვის, რადგან D ვიტამინის ნაკლებობა სწორედ ამ დაავადებებთან არის დაკავშირებული.
ლოგიკურია, რადგან D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის შეწოვაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინი გარკვეულ საკვებში გვხვდება, მხოლოდ კვების რაციონიდან მისი მიღება რთულია, თუკი საკმარის დროს არ ატარებთ მზის სინათლეზე.
თუმცა, ახალი კლინიკური ცდები აჩვენებს იმასაც, რომ D ვიტამინის საკვები დანამატი აუცილებლად არ ნიშნავს ასაკთან დაკავშირებულ ძვლების დეგრადირებისა და დაბზარვის პრევენციას სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანებში.
რუჯიერომ და მისმა კოლეგებმა მიმოიხილეს დაკვირვებითი კვლევები და კლინიკური ცდები, რომლებშიც ეძებდნენ D ვიტამინის პოტენციურ ეფექტებს დაბერების ბიოლოგიურ ნიშნებზე; შედეგად, დაადგინეს, რომ მტკიცებულებები თითქმის არაა. „ამ დრომდე, მტკიცებულებები მწირია და ძირითადად ეფუძნება პრეკლინიკურ მოდელებს“.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, D ვიტამინი ეპიგენეტიკურ დაბერებას ანელებს, რადგან D ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანები ბიოლოგიურად უფრო ხანდაზმულები არიან, ვიდრე ნორმალური დონის მქონენი. D ვიტამინის მიღებამ ასევე შეიძლება შეამციროს დნმ-ის დაზიანება, მაგრამ როგორც ჩანს, გავლენა საერთოდ არ აქვს ტელომერების სიგრძეზე.
ამას გარდა, ძალიან ცოტაა მტკიცებულება იმის შესახებ, რა დოზით ან რა ასაკში შეიძლება ჰქონდეს D ვიტამინის დანამატებს ეფექტი, რადგან ამ მიმართულებით ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული და შედეგებიც არეულია.
ზოგი კვლევის თანახმად, D ვიტამინის კონკრეტული დოზის მიღება უსაფრთხო უნდა იყოს ზოგადად მოსახლეობისთვის, მაგრამ შეიძლება ასე არ იყოს ყველასთვის. როგორც კვლევები აჩვენებს, დიდი ოდენობით D ვიტამინის მიღება შეიძლება საზიანო იყოს. ამას გარდა, D ვიტამინის დანამატები შეიძლება რეაქციაში შევიდეს პაციენტისთვის გამოწერილ სხვა წამლებთან, მაგალითად, ქოლესტერინის დამწევ სტატინთან.
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის ნაკლებობისას მისი დონის მომატება ლოგიკური ჩანს, ექსპერტები ამბობენ, რომ დანამატების სახით ბევრი ვიტამინის მოხმარება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის უკეთესია. ამით ადამიანებმა შეიძლება უარი თქვან ისეთ სხვა რამეებზე, რასაც ისინი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად აკეთებდნენ, მაგალითად, დაბალანსებულ კვებაზე და სეირნობაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის დანამატების, როგორც ადამიანის დღეგრძელობის მხარდამჭერი სტრატეგიისადმი ინტერესი დიდია და ამას ზოგიერთი მტკიცებულებაც უჭერს მხარს, ზუსტი პასუხის დადგენისგან ჯერ შორს ვართ“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Nutrients-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.