ანდრიუს კუბილიუსი - მომხრე ვართ, ქართველი ხალხი იყოს ევროპული ოჯახის წევრი, როცა ერს აქვს პრობლემა მთავრობასთან, საზოგადოებამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა
შანსები ყოველთვისაა, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ ასეთ დროს „ქართული ოცნება“ და მთავრობა აბსოლუტურად საპირისპიროდ იქცევიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღონ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივაც ამის გამოხატულებაა, მე ასე ვხედავ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
კუბილიუსის თქმით, კარგი იქნებოდა, „ქართულ ოცნებას“ იგივე ენთუზიაზმი მიემართა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ნაბიჯებში, რასაც საწინააღმდეგოდ აკეთებს.
„ვფიქრობ, ეს ქმედება – პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წამოწყება ბევრისმთქმელი იყო იმ დედაქალაქებისთვის, რომლებიც ცდილობენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ადვოკატირებას. რაღაც დაუჯერებელია“, – აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.
ამასთან, კუბილიუსის განცხადებით, როდესაც მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ იწყებს იმპიჩმენტს და არ აძლევს უფლებას, სხვადასხვა დედაქალაქში ადვოკატირება გაუწიოს კანდიდატის სტატუსს, ეს ცხადად აჩვენებს, როგორი მყიფეა დემოკრატია საქართველოში.
„კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ქვეყანას რეალურად შეუძლია კრიტერიუმების დაკმაყოფილება, არა ტექნიკური, არამედ კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. კოპენჰაგენის კრიტერიუმი ფართოდ მოითხოვს, ქვეყანამ დაარწმუნოს ყველა, რომ ისეთივე დემოკრატიულია, როგორც დანარჩენები. როდესაც მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ იწყებს იმპიჩმენტს და არ აძლევს უფლებას, სხვადასხვა დედაქალაქში ადვოკატირება გაუწიოს კანდიდატის სტატუსს, ეს ძალიან ცხადად აჩვენებს, როგორი მყიფეა დემოკრატია საქართველოში და რომ „ქართული ოცნება“ და მთავრობა კვლავაც ვერ აცნობიერებს, როგორია პოლიტიკური კულტურა ევროპაში. პოლიტიკური კულტურა ევროპაში ძალიან მარტივია, ვერ იპოვი ქვეყანას, სადაც მთავრობა ასე ექცევა თავის პრეზიდენტს“, – აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი.
გარდა ამისა, კუბილიუსი ამბობს, რომ მისი აზრით, მთავრობის ქმედებები საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს ეწინააღმდეგება.
„პრეზიდენტს საგარეო ქმედებების უფლება რომ არ მისცეს, ჩემი აზრით, ეს არის ანტიკონსტიტუციური. ეს ერთი. მეორე, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში განაცხადს აკეთებს, აღარაფერია შიდა, რადგან ქვეყანამ უნდა დაარწმუნოს წევრი ქვეყნები, რომ აპლიკანტის პოლიტიკური კულტურა, დეპოლარიზაცია იქნება ეს, თუ სხვა რამ, პასუხობს ევროპულ სტანდარტს. პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება, განსაკუთრებით ამ მომენტში, როდესაც ყველა კამათობს, მისცენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ვფიქრობ, მთავრობის მიზანმიმართული ქმედებაა, რათა კანდიდატის სტატუსის შემაფერხებელი ბარიერები შექმნას“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
რაც შეეხება კითხვას, „იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიურ სიგნალს ვერ მიიღებს საქართველო, გეოპოლიტიკურად ეს რა გზავნილი იქნება რუსეთისთვის, რეგიონისთვის, ხალხის 80 პროცენტს გამოხატული აქვს თავისი ნება ევროპული მომავლის მიმართ“, – კუბილიუსი ამბობს, რომ „ეს შეკითხვა მთავრობისთვისაა, რადგან საქართველოს მთავრობა სწორედ ახლა მოქმედებს იმ პოლიტიკით, რაც კრემლს ძალიან აბედნიერებს“.
„ჩვენ პირიქით, ძალიან უკმაყოფილო ვართ და კრემლი კმაყოფილია. კითხვა ისაა, რა პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს მთავრობა. ჩვენ ძალიანაც მომხრე ვართ, რომ ქართველი ხალხი იყოს ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ზოგჯერ ისიც ხდება, რომ ქვეყანას პრობლემა აქვს თავის მთავრობასთან. როდესაც ერს აქვს პრობლემა მთავრობასთან, საზოგადოებამ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. ყოველთვის მომყავს მაგალითი, როგორ მოიქცა ევროკავშირი სლოვაკეთთან მიმართებაში. 1997 წელს, როდესაც, სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, სლოვაკეთიც მონდომებული იყო ევროკავშირთან გაფართოების მოლაპარაკების დაწყებით და იმ მომენტში, სამწუხაროდ, სლოვაკეთს ჰყავდა ხელისუფლება, რომელიც არ პასუხობდა ევროკავშირის პოლიტიკური კულტურის სტანდარტს, კომისიამ და საბჭომ მაშინ ძალიან მარტივად თქვეს, დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სლოვაკეთი უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ არა ასეთი მთავრობით. არ ვიცი, რა იქნება პირობები, მაგრამ ეს იყო სლოვაკეთის მაგალითი, პრეცედენტი, რომელიც 1997 წელს შეიქმნა“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
კითხვაზე, „თქვენ ამბობთ, რომ ხალხმა უნდა გადაირჩიოს „ქართული ოცნება“?, – კუბილიუსი პასუხობს: „ეს ხალხის დემოკრატიული უფლებაა. გექნებათ საპარლამენტო არჩევანი და ვფიქრობ, ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ შეკითხვა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ხელისუფლებამ შეძლო, თუ ვერ შეძლო ქართველი ხალხის სურვილის შესრულება“.