ანდრიუს კუბილიუსი - მმართველი პარტიისგან მივიღეთ დაპირება, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მოეკიდებიან
ანდრიუს კუბილიუსი - მმართველი პარტიისგან მივიღეთ დაპირება, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მოეკიდებიან

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებსაც უპასუხა.

ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა ოპოზიციის ინიციატივას, რეზოლუციაში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილში გაკეთებულიყო ჩანაწერები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და 20 ივნისის ღამეს დაკავებულ აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით.

კუბილიუსის თქმით, განვითარებულ პროცესებს დაერქმევა პოლიტიკური კრიზისი, თუ პოლიტიკური მოვლენები, ფაქტია, რომ ადამიანები ქუჩაში არიან გამოსული და რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

„თქვენ შეგიძლიათ, უწოდოთ ამ ყველაფერს პოლიტიკური კრიზისი, ან პოლიტიკური მოვლენები, მაგრამ ადამიანები ქუჩებში არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ მოვლენები რაღაც არასწორად მიმდინარეობს. ვიტყოდი, რომ როგორც ქართველ მოქალაქეებს, ასევე ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებას გვაშფოთებს ეს საკითხი. ახლახან ევროპარლამენტში, პლენარულ სესიაზე, სადაც გვქონდა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, ვსაუბრობდი, რა მოხდა, როცა მმართველმა პარტიამ თავისი დაპირება არ შეასრულა. ეს არ გახლდათ მხოლოდ ჩვეულებრივი პოლიტიკური განვითარება, არამედ, სამწუხაროდ, ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ადამიანებმა და ჩვენ, საერთაშროისო საზოგადოებამ, დავკარგეთ ნდობა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიმართოს შემდეგ წელს. ეს არის დიდი პრობლემა, ვინაიდან ის დაპირება, რომელიც გაჟღერდა ივნისის მოვლენების დროს მმართველი პარტიის მხრიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, იყო ძალიან ძლიერი დაპირება.

როდესაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეესრულებინა ეს დაპირება, ეს ნიშნავს უფრო მეტს. ჩემი შეხვედრების დროს მე მოვუწოდე მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას, რომ ორივე გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ, არჩევნები როგორ განვითარდება, ნდობა რომ აღიდგინოს ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ევროკავშირისკენ ინტეგრაცია არ გახლავთ მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება იმასთან დაკავშირებით, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს, ეს გულისხმობს შესაბამისი კრიტერიუმების არსებობას. ეს კრიტერიუმები გულისხმობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. თუ ქვეყანა ამ შემთხვევაში არღვევს და უკან იხევს ძირითადი პრინციპების დაცვის კუთხით, რეაქცია იქნება. ფაქტობრივად, რეაქცია იქნება იმ ენით, რაც გულისხმობს ნაკლები ნაკლებისთვის.

ოპოზიციის შემოთავაზება, სიტუაცია როგორ შეიძლება მოგვარდეს, მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ჩაწერილი გახლავთ კონსტიტუციაში, როგორ გახდეს უფრო პროპორციული, ეს შემოთავაზებები შეიძლება იყოს განხილული ორივე მხარის მიერ“ ,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა და დასძინა, რომ მმართველი გუნდისგან მიიღეს დაპირება, ისინი საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მიუდგებიან.

„ჩვენ მივიღეთ დაპირება მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან, რომ ისინი მნიშვნელოვნად, სერიოზულად მოეკიდებიან ამ შემოთავაზებების განხილვას. ჩვენ, ასევე, მივიღეთ დაპირება და არსებობს იმედი, რომ მალე იქნება ამ დიალოგის შედეგი მიღწეული“ ,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ამასთან, კუბილიუსმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა შესახებაც ისაუბრა.

„რაც შეეხება პოლიტიკური აქტივისტების სამართლებრივ დევნას, რასაკვირველია, ევროპული სტილი არ არის, რომ დავაპატიმროთ ადამიანები, ან სისხლის სამართლებრივი დევნა იყოს დაწყებული მათ მიმართ, მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო. მე არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სია, სულ მცირე ოპოზიციიდან. ფაქტობრივად, ამ შემთხვაში დიალოგს ექნება დიდი დატვირთვა. მივიღეთ დაპირება, რომ ისინი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან. რასაკვირველია, ევროპარლამენტის მხრიდან, ევრონესტის დელეგაციის მხრიდან ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს, ვნახოთ, როგორ განვითარდებამოვლენები“, -განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.