ანდრიუს კუბილიუსი - მმართველი პარტია ამბობს, რომ მზადაა, 2024 წელს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ეს არის ტესტი როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ოპოზიციისთვის
მმართველი პარტია ამბობს, რომ მზადაა, 2024 წელს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ამ სიტუაციაში ეს არის ლაკმუსის ტესტი როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევში ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა იპოვონ შეთანხმება და კრიზისიდან გამოსავალი.
„ისინი უნდა შეთანხმდნენ, რა უნდა გაკეთდეს, რომ 2024 წელს აჩვენონ, რომ საქართველო არის ნამდვილად სრულყოფილი ქვეყანა. რომ საქართველოში არის მომწიფებული დემოკრატია, რომ მართლმსაჯულება დეპოლიტიზებულია და ყველა პრობლემა, რომელსაც ახლა ვხედავთ და აზიანებს საქართველოს, გადაჭრილია. ეს არის, რასაც ველოდებით. ახლა სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ ვერც მმართველი პარტიისგან და ვერც ოპოზიციისგან, რომ ისინი სერიოზულად ეკიდებიან ამ პროცესს. ვგულისხმობ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანას. თუ ყველფერი ასე გაგრძელდება, ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანი იქნება. ეს დააზიანებს არა მმართველ ძალას ან ოპოზიციას, არამედ საქართველოს. მე ძალიან მარტივი გზავნილი მაქვს – მიჰყევით ერთ იდეას, რომ მაგიდაზე დადოთ ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნა, მაგრამ შეასრულეთ სამუშაო და დაიწყეთ ახლავე. ეს არის ლაკმუსის ტესტი“,- განაცხადა კუბილიუსმა.