ევროკავშირის საქართველოსთვის სოლიდარობის ნიშნად, შეთანხმებული თანხების გარდა, 500 მილიონ ევროზე მეტს უზრუნველყოფს „კოვიდ 19“-ის პრობლემის გადასაჭრელად და აღდგენისთვის. დახმარება დაკავშირებულია რეფორმების პროგრესთან კანონის უზენაესობასთან, სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან – ამას შესახებ ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“ წერს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპული პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი აქვე აქვეყნებს საკუთარი ვრცელი განცხადების ტექსტს, რომელშიც საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შესახებ არის საუბარი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი ევროპის ნაწილია და ევროკავშირისთვის გეოსტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ევროკავშირმა სწრაფად მიიღო მრავალი ზომა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად, „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და მისი სოციალური და ეკონომიკური შედეგების დამარცხებისთვის ბრძოლაში. საერთო ჯამში ევროკავშირი გამოყოფს სამ მილიარდ ევროზე მეტს მთლიანად ევროკავშირის სამეზობლოსთვის, აქედან 962 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე მიიმართება, მათ შორის საქართველოზეც.
როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, მსურს, ყურადღება გავამახვილო იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელიც აჭარბებს 500 მილიონ ევროს და რომელსაც ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ადგილზე აძლევენ, რათა განახორციელოს რეფორმები, ებრძოლოს „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს.
ამ დახმარების მნიშვნელოვანი კომპონენტი დაკავშირებულია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალეობის სფეროებში.
ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი სტანდარტების სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რომ დავეხმაროთ საქართველოს და მის ხალხს, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი ღია დემოკრატიული მმართველობისგან, ადამიანის უფლებების დაცვისგან, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისგან“, – განაცხადა კუბილიუსმა.
მისივე თქმით, 2020 წლის მარტში, კრიზისის დასაწყისიდანვე ევროკავშირი საქართველოს გვერდით იდგა.
„ევროკავშირმა დაუყონებლივ დაიწყო გადაუდებელი ჯანდაცვის დახმარება, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ლიკვიდურობის გაზრდა, 90 მილიონი ევროს ოდენობით ჯამურად. საქართველოსთვის გაგზავნილი სამედიცინო აღჭურვილობა მოიცავდა მართვითი სუნთქვის აპარატებს, ლაბორატორიულ ნაკრებს, ნიღბებს, სათვალეებს და დამცავ კოსტუმებს ვირუსის დასამარცხებლად. დახმარება მოიცავდა დამატებით სამედიცინო და ლაბორატორიული პერსონალის მომზადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მიზნობრივი გრანტები დაეხმარება სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა კრიზისით, სოციალურ მეწარმეობას, სოციალურ სერვისებსა და ადამიანის უფლებების დაცვას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, 2020 წლის აპრილში ევროკავშირმა დაიწყო პაკეტი საქართველოს სოციალური და ეკონომიკური აღდგენისა და საჯარო ფინანსების გაძლიერების მხარდასაჭერად, რომლის ფარგლებშიც გამოუყო 183 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი.
„ამ თანხების ნაწილი მიმართულია, გაამარტივოს წვდომა ქართული ბიზნესებისთვის ლარში საკრედიტო ხაზებსა და გრანტებზე, რათა გააძლიერონ და ხელახლა წამოიწყონ ბიზნესები. ეს დახმარება განხორციელებული იქნება ჩვენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რომლებიც იმუშავებენ ადგილობრივ ბანკებთან და საკრედიტო ინსტიტუტებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან, ADB, AFD,KfW და EIB-სთან პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხების გაზრდაზე.
აპრილის მიწურულს, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 150 მილიონი ევროს ოდენობით დამატებითი მხარდაჭერა სესხის სახით, საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს და შეამსუბუქებს უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საბიუჯეტო მხარდაჭერით გასაცემი სახსრების ნაწილი დაკავშირებული იქნება საქართველოსთვის სპეციალურ პირობებზე, კერძოდ, კანონის უზენაესობის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის სფეროებში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაზე. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დათანხმდა, გაეზარდა საქართველოსთვის მიმდინარე პროგრამის მოცულობა 345 მილიონი ევროთი, საიდანაც 280 მილიონი გამოყოფილი იქნება 2020 წელს“, – განაცხადა კუბილიუსმა.
ევროპარლამენტარმა კორონავირუსთან დაკავშირებულ შემდგომ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ვხედავ უპრეცენდენტო მოსალოდნელ გამოწვევებს Covid-19-ის კრიზისის მართვაში, რომელსაც უდიდესი გავლენა ექნება საჯარო და კერძო სექტორზე საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში, უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგებით. მრავალი ადამიანი დაკარგავს სამუშაოსა და ბიზნესს. ამიტომ, საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ ყველა სოციალური და ეკონომიკური საშუალება ამის გადასაჭრელად, რაც დიდ ფინანსურ ხარჯს მოუტანს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი პასუხისმგებლობას იღებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებმაც აირჩიეს ევროპული ინტეგრაციის რეფორმების გზა.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო გრძელვადიანი მხარდაჭერა ევროკავშირისგან ეკონომიკის აღდგენისა და რეფორმებისთვის და შევიმუშავოთ დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის, ისევე როგორც ეს იქნა შეთავაზებული დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისთვის.
დღეს Covid-19-ის პანდემია, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი მოჰყვება, დარტყმას გვაყენებს ყველას ისე, როგორც არასდროს. ერთადერთი გზა, ამ უდიდესი, მოულოდნელი გამოწვევის დასაძლევად ევროპულ სოლიდარობაზე გადის. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირი აკეთებს ბევრს ახლა და გააკეთებს უფრო მეტს მომავალში, რათა დაეხმაროს საქართველოს და მის ხალხს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
კუბილიუსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველო ერთ დღეს მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს საქართველო ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, მზად იქნება გახდეს, ევროკავშირის წევრი. როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, მჯერა, რომ საქართველო ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, თვალი გავუსწოროთ ამ გამოწვევას. განსაკუთრებით დღეს, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მთელი რეგიონი Covid-19-ის კრიზისს, ჩარევასა და დეზინფორმაციის კამპანიას განიცდის.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ ნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ეს ნდობა შეიძლება დაეფუძნოს აღებული ვალდებულებებისა და დაპირებების შესრულების პროგრესს, მათ შორის 2020 წლის 8 მარტს საქართველოში, ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებებს“, – განაცხადა კუბილიუსმა.
#EU in solidarity with #Georgia – in addition to agreed funding, will provide over 500mln eur to address #COVID19 and assist recovery. Support is bonded to reform progress in rule of law, judicial & electoral reform.https://t.co/uS61kZCc21
— Andrius Kubilius (@KubiliusA) May 13, 2020