ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის ცნობით, ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული.
ამის შესახებ ევროდეპუტატი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
კუბილიუსის თქმით, ევროპარლამენტში პოლიტიკურ ძალებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ იყო მიღწეული. მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტში ნათქვამი იქნება, რომ „ევროპარლამენტი რუსეთს აღიარებს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ და ქვეყნად, რომელიც იყენებს ტერორისტულ საშუალებებს“.
აღნიშნული რეზოლუციის დამტკიცება ევროპარლამენტის 21-24 ნოემბრის სესიაზე იგეგმება.