ანდრიაშ რაში - ვნახოთ, რა მოხდება ხუთ წელიწადში, ახლა დრო აზერბაიჯანის სასარგებლოდ მუშაობს
ანდრიაშ რაში - ვნახოთ, რა მოხდება ხუთ წელიწადში, ახლა დრო აზერბაიჯანის სასარგებლოდ მუშაობს

20 ნოემბერს აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთები აღდამის რაიონში შევიდნენ. ამ რეგიონს 27 წლის განმავლობაში სომხეთი აკონტროლებდა. აღდამის რეგიონის აზერბაიჯანისთვის გადაცემა ერთ-ერთი პუნქტია, რომელსაც 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის ლიდერმა და რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის გარეშემო მდებარე შვიდ რეგიონსა და ქალაქ შუშას გააკონტროლებს. ამასთან, რეგიონში იმყოფებიან რუსი სამხედროები, რომლებმაც, შეთანხმების მიხედვით, სომხეთისა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. ევროკავშირში ამ შეთანხმებას კონფლიქტის დარეგულირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უწოდეს.

9 ნოემბრის შეთანხმებაზე, სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე საქართველოს პირველი არხი ესაუბრა ბერლინში მდებარე ანალიტიკურ ცენტრ „საგარეო პოლიტიკის გერმანული საზოგადოების“ წევრს, ექსპერტ ანდრიაშ რაშს.

– თურქეთის პარლამენტმა მთიან ყარაბაღში თურქი სამხედროების გაგზავნას დაუჭირა მხარი, ისინი რუს ჯარისკაცებთან ერთად სიტუაციას მონიტორინგს გაუწევენ, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება რეგიონისთვის?

თურქი მეთვალყურეების რეგიონში ყოფნა, რუსეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებშიც კი, კიდევ ერთი ნაბიჯია იმ ქმედებათა ჯაჭვში, რომლითაც რეგიონში თურქეთის წარმომადგენლობა და როლი გაიზრდება. ბოლო  მოვლენებმა დაგვანახა, რომ თურქეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ, მათ შორის სამხედრო დაზვერვით, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური, თუ ტექნოლოგიური კუთხით, გადამწყვეტი როლი შეასრულა და ამ ომში აზერბაიჯანს გამარჯვება მოუტანა. ამიტომ, ახლა სულაც არ არის გასაკვირი, რომ თურქეთი სანაცვლოდ რაღაცას ითხოვს. ეს ხდება იმის გამოც, რომ ანკარას ძალისხმევის მიუხედავად, თურქეთი ფორმალურად ვერ გახდა სამშვიდობო შეთანხმების მონაწილე. ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მხოლოდ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა.

– ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე წლებია, მუშაობს, არ მონაწილეობდა შეთანხმების გაფორმების პროცესში და გადაწყვეტილებაც მათ გარეშე მიიღეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მინსკის ჯგუფმა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა საერთოდ დაკარგა?

სამწუხაროდ ასეა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართა რუსეთის ინიციატივით და ზავი შედგა მოსკოვის კარნახით, ხოლო მინსკის ჯგუფი ამ პროცესში ჩართული არ იყო. რუსეთი მოლაპარაკებებს ერთდროულად ორ ფრონტზე მართავდა. ერთი მხრივ მოსკოვი ესაუბრებოდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, ანუ აშშ-სა და საფრანგეთს, ხოლო მეორე მხრივ განცალკევებით მიმდინარეობდა მოლაპარაკება შეთანხმებაზე, რომელიც 9 ნოემბერს გაფორმდა. ამ შეთანხმების ტექსტში მინსკის ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.

– ხომ არ ნიშნავს ეს, რომ კავკასიაში, სადაც ბევრი ე.წ. გაყინული კონფლიქტია, მაგალითად დნესტრისპირეთი, საქართველო, ორ დიდ სახელმწიფოს, რუსეთსა და თურქეთს შეუძლიათ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ?

დარწმუნებული არ ვარ, რომ მთიანი ყარაბაღის მაგალითი სრულად მიესადაგება საქართველოს. ვფიქრობ, კონფლიქტები განსხვავებულია. ეს ეხება როგორც ამ ტერიტორიების ლეგალურ სტატუსს, ისე საერთაშორისო ჩართულობასა და რეგიონში რუსეთის როლს. საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რუსი სამხედროები შენაერთები იმყოფებიან. ეს თავისთავად გამორიცხავს კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას. სხვაგვარი სიტუაცია იყო მთიან ყარაბაღში. სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცები რომ მდგარიყვნენ, აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეტევა გაცილებით სარისკო იქნებოდა, რადგან ეს შეიძლებოდა შეფასებულიყო რუს სამშვიდობოებზე თავდასხმად. იმ პირობებში კი, როდესაც მთიან ყარაბაღში არც რუსები იყვნენ, არც ეუთო-ს დამკვირვებლები და არც გაერო-ს სამშვიდობოები, აზერბაიჯანისთვის შეტევის დაწყება, ასე ვთქვათ, უფრო იოლი აღმოჩნდა, მაგრამ ასეთი რამ საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინის შემთხვევაში გამორიცხულია.

– მთიანი ყარაბაღის სტატუსი შეთანხმებაში არ გახლავთ ნახსენები. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ასე და რას მოუტანს ეს აზერბაიჯანსა და სომხეთს?

ცხადია, მე დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შინაარსზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ღია წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ სომხეთის სურვილია, მთიან ყარაბაღს ავტონომია მიენიჭოს. იდეალურ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ავტონომია უნდა იყოს. თუმცა, აზერბაიჯანი ამას არ დათანხმდება. სომხეთისთვის გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა ომის დასრულება, ვიდრე სომხეთის არმია სრულად განადგურდებოდა. ამიტომ ერევანში ამ შეთანხმების ხელმოწერა მოუწიათ, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში მთიანი ყარაბაღის სტატუსი საერთოდ არ არის ნახსენები. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გრძნობს სომხეთი თავს დამარცხებულად. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო მარცხი, რასაც მტკივნეული დანაკარგი მოჰყვა, არამედ პოლიტიკური მარცხია, რადგან მთიანი ყარაბაღის სტატუსი უცნობია, ხოლო მომავალი – დაუცველი. ყველაფერი რუს სამშვიდობოებზეა დამოკიდებული.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ შექმნილ სიტუაციაში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გაიყინება და რუსეთის ხელში კიდევ ერთ ბერკეტად გადაიქცევა?

დიახ, ეს შესაძლებელია, არა მხოლოდ იმის გამო, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთზე ან მთიან ყარაბაღზე რუსეთის ზეგავლენა გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ მოსკოვის ხელში აღმოჩნდა კიდევ ერთი ბერკეტი. საუბარია დერეფანზე, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუკავშირდება და ეს დერეფანი სომხეთზე გაივლის. ამ დერეფანს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური გააკონტროლებს. ანუ, ერთი ხელით რუსეთი სამშვიდობოების დახმარებით მთიან ყარაბაღს შეინარჩუნებს, მეორეთი კი აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვან დერეფანს გააკონტროლებს. ეს ძალიან მძლავრი ბერკეტია, რომელიც მოსკოვის ხელში აღმოჩნდა.

– ნახიჩევანის დერეფანის გახსნის შემთხვევაში, თურქეთი და აზერბაიჯანი სომხეთის გავლით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ეს კი ნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება. ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის…

ნახიჩევანის დერეფანი რეგიონში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო სიტუაციას რადიკალურად შეცვლის, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია. ჩვენ არ ვიცით, რაზეა საუბარი, რკინიგზაზე, ავტომაგისტრალზე, თუ ორივეზე ერთად. ასევე არ ვიცით, როდის ამოქმედდება ან კონკრეტულად სად გაივლის დერეფანი. ხომ არ აღმოჩნდება სომხეთი ირანისგან იზოლირებული? რა თქმა უნდა, ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ტრანზიტული ვაჭრობით სარგებლობს. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ეს დერეფანი სწრაფად ვერ მოეწყობა. ამას წლები დასჭირდება. ვადები კი, როგორც აღვნიშნეთ, შეთანხმებაში არ არის გაწერილი.

– ომის დასრულების შემდეგ სომხეთში საპროტესტო აქციები დაიწყო. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ფაშინიანი ამ კრიზისიდან გამოსვლას?

სომხეთისთვის ეს მხოლოდ სამხედრო მარცხი არ არის. ეს არის ფაშინიანის მთავრობის სანდოობის დიდი მარცხი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, 9 ნოემბრამდე ფაშინიანის მთავრობა ამტკიცებდა, რომ სომეხი სამხედროები გმირულად იბრძვიან, ინარჩუნებენ პოზიციებს, ქალაქ შუშის სომხეთი აკონტროლებს, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს – ასეთი გახლდათ მთავრობის გზავნილები. შემდეგ უცებ და სომხეთის საზოგადოებისთვის მოულოდნელად, ფაშინიანმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, ამავე დღეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ომის მიმდინარეობის შესახებ იტყუებოდნენ. კერძოდ, მან თქვა, რომ ქალაქი შუში რამდენიმე დღის წინ დაკარგა. მან ასევე თქვა, რომ სამხედროები ნამდვილად გმირულად იბრძოდნენ, მაგრამ დღეში 100 კაცი იღუპებოდა და არმია კოლაფსის ზღვარზე იყო. ამიტომ, ახლა სომხეთს გამკლავება უწევს სამხედრო მარცხთან, რომელიც თავისთავად მტკივნეულია, მაგრამ ასევე მთავრობას ნდობის სერიოზული კრიზისი აქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, როგორ შეძლებს ფაშინიანი მთავრობაში დარჩენას, რადგან სამხედრო მარცხის შემდეგ მთავრობა, როგორც წესი, დიდი ხანს ვერ ინარჩუნებს ძალაუფლებას.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ, ვის მოუტანა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებამ ყველაზე დიდი სარგებელი?

ყველაზე მეტი სარგებელი რუსეთმა ნახა. რუსეთის ზეგავლენის ბერკეტი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაძლიერდა. თუმცა, აზერბაიჯანისთვისაც ეს შეთანხება ასევე გამარჯვებაა. თუ გადავხედავთ, რა მდგომაროება იყო 10 ნოემბერს, დავინახავთ, რომ აზერბაიჯანს შეეძლო და მზად იყო წინსვლისთვის. აზერბაიჯანის არმიას დაკავებული ჰქონდა ქალაქი შუშა და სტეპანაკერტზე, ან როგორც მას აზერბაიჯანელები უწოდებენ, ხანკენდიზე შეტევისთვის მზად იყო. სომხეთის არმია კი კოლაფსის ზღვარზე იდგა. ამიტომ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქისთვის ბრძოლას სომხეთი სავარაუდოდ წააგებდა და ამას დიდი დანაკარგი მოჰყვებოდა. ამიტომ სომხეთს უნდა დაესრულებინა ეს ომი. აზერბაიჯანმა კი შეძლო დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნება. მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ნაწილს კი ხუთი წლის განმავლობაში რუსი სამშვიდობოები დაიცავენ. ვნახოთ, რა მოხდება ხუთ წელიწადში. ახლა დრო აზერბაიჯანის სასარგებლოდ მუშაობს.