ანდრია გვიდიანი - რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილი - წამებულად, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მწამებლად არის მოხსენიებული, ვერავითარი ფასი ვერ ექნება და ვერ იმოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე
ეს რეზოლუციები არაფერზე მეტყველებს, – ასე უპასუხა ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვას, რაზე მეტყველებს ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია და რატომ ვერ მოახერხა ევროდეპუტატებთან სწორი კომუნიკაცია ხელისუფლებამ.
„ასეთი სახის რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილი – წამებულად, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მწამებლად არის მოხსენიებული, რასაკვირველია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება და ის ვერანაირად ვერ იმოქმედებს საზოგადოების ცნობიერებაზე, განწყობებზე და ა.შ. რეზოლუციებით თუ სხვადასხვა პოლიტიკური დოკუმენტით შავზე თეთრს როდესაც გვიმტკიცებენ და გვეუბნებიან, თურმე საქართველოში დემოკრატია გაუარესდა, ქვეყანაში დიქტატურაა, პატიმრებს ვაწამებთ, მეორე მხრივ, გვაქვს ასევე ევროპის ოფიციალური ინსტიტუციების კვლევები, შეფასებები, სადაც საქართველო ყველგან არის მოწინავე ადგილზე, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია ევროპარლამენტის მხრიდან. ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალები და, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის კარგად არის გასაგები, რომ ეს არის ფულით ნაყიდი რეზოლუციები. კატარის კორუფციული სკანდალის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპარლამენტში თურმე ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება და რამდენიმე ევროპარლამენტარი დაკავებულია კორუფციის ბრალდებით“, – განაცხადა გვიდიანმა.
მისი თქმით, როდესაც ევროპარლამენტის სახელით ასეთი უსამართლო რეზოლუციები ქვეყნდება, ეს ანგრევს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ევროპის მიმართ.
„როდესაც მოსყიდული ევროპარლამენტარები გვიმტკიცებენ, თურმე სააკაშვილი წამებულია, უნდა გათავისუფლდეს და ულტიმატუმის ენით ლაპარაკობენ, ეს ქართული საზოგადოების აღქმაში არის კოლექტიური ევროპა. როდესაც ევროპის სახელით გამოდიან, მაგალითად, კუბილიუსი, ფოტიგა, იუკნევიჩიენე და ეს ხალხი, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ აპოლოგეტები არიან, ქართული საზოგადოება მათ აღიქვამს, როგორც ევროპის ხმას“, – განაცხადა გვიდიანმა.
მაკა ცინცაძის კითხვაზე, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ რეზოლუციას ხელს აწერს 577 ევროდეპუტატი, ანდრია გვიდიანმა აღნიშნა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„ევროპარლამენტს გამოუქვეყნებია ძალიან უსამართლო რეზოლუციები, სადაც ბევრი ევროპარლამენტარი აწერს ხელს, მაგრამ პრაქტიკაში, ევროპარლამენტში ეს ასე ხდება – როდესაც ერთი კოლეგა რაღაც საკითხს გამოიტანს, შეიძლება, საერთოდ არ ეთანხმებოდე და ისე დაუჭირო მხარი. მაგალითად, გვახსოვს წინა რეზოლუცია, რომელსაც ავტორმაც კი არ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა გვიდიანმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა მსგავსი რეზოლუციები ხელის შემშლელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, გვიდიანმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი სატყუარად არის გამოყენებული.
„კანდიდატის სტატუსს სატყუარასავით იყენებენ ჩვენთან მიმართებით. სინამდვილეში, კანდიდატის სტატუსი, ეს ყბადაღებული თემა, საერთოდ არაფერს ნიშნავს. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, თურქეთის და სხვა ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მქონე არიან, რომ წლობით ელოდებიან ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ამ მიმართულებით საერთოდ ძვრა არ არის“, – განაცხადა გვიდიანმა.
როგორც გვიდიანმა აღნიშნა, საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც უკრაინასა და მოლდოვას შორის მოწინავეა, მიიღეს აბსოლუტურად უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ქვეყანა ამ არაფრის მომცემი კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვეს, რაც გამოყენებული იქნა ქართულ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობების გასაზრდელად.
მისივე თქმით, რიგმა ევროპულმა სტრუქტურებმა თავი უნდა დაანებონ საქართველოსთან მსგავსი რეზოლუციებით თუ ცრუ დაპირებებით კინკლაობას.