ანდრია გვიდიანი - მაქვს გონივრული ეჭვი, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინჭება იყო შესაძლებლობა და ინსტრუმენტი, რათა საქართველოში მაქსიმალურად დაძაბულიყო სიტუაცია
ანდრია გვიდიანი - მაქვს გონივრული ეჭვი, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინჭება იყო შესაძლებლობა და ინსტრუმენტი, რათა საქართველოში მაქსიმალურად დაძაბულიყო სიტუაცია

ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება იყო უსამართლო, დაუსაბუთებელი და შეცდომა. საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რამაც საქართველოში გააღვივა პოლარიზაცია, – ამის შესახებ ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შესაბამისად, მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინჭება იყო შესაძლებლობა და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველოში მაქსიმალურად დაძაბულიყო სიტუაცია, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად გახურებულიყო პოლიტიკური ველი. ეს არის, ჟარგონულად რომ ვთქვათ, შემოგდებული საკითხი, რათა გაღვივდეს პოლარიზაცია, გაღვივდეს დაძაბულობა, პოლიტიკურმა ტემპერატურამ აიწიოს და ა.შ“, – განაცხადა გვიდიანმა.

მისი თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის გადასახადის გადამხდელთა ფულით საქართველოში ფინანსდებიან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში აგენტურაა, ჩვეულებრივი უცხოური გავლენის აგენტები და ისინი საქართველოში აღვივებენ პოლარიზაციას.

„მაგალითად, ევროპის დემოკრატიის განვითარების ფონდი საქართველოში აფინანსებს ელენე ხოშტარიას არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ასევე ჰქვია „დროა“, ანუ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია, ევროპის დემოკრატიის განვითარების ფონდი უხდის ფულს, საიდანაც ელენე ხოშტარია აფინანსებს თავის პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც არის დაფარული და რომლის შესახებ ინფორმაციას არც ელენე ხოშტარიას „დროა“ იძლევა და არც ევროპის დემოკრატიის განვითარების ფონდი. ეს არის გამჭვირვალე პროცესი? რუსული რუბლებით დაფინანსების თემა კიდევ სხვა საკითხია. ეს ხომ ერთი თემაა, რუსეთის საკითხი, მაგრამ ევროპის დემოკრატიის განვითარების ფონდი რომ გქვია და არანაირი გამჭვირვალობის სტანდარტი არ გაქვს, ეს რა არის? მეორე, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდის, NED-ის გამჭვირვალობა სად არის, სად მიდის ის ფული და საიდან ფინანსებიან, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძე და მისი არასამთავრობოები?“ – განაცხადა გვიდიანმა.

გვიდიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო დღეს არ არის ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ზოგიერთ ე.წ. პარტნიორს აწყობს.

„საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის საკითხი დღესაც აქტუალურია. ჩვენ გვახსოვს არაერთი მოწოდება, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ საქართველო ცუდად იქცევა, რომ სათანადოდ არ უჭერს მხარს უკრაინას; გაისერნეთ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში – გვახსოვს ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან და უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდანაც გვახსოვს მსგავსი განცხადებები, რაც რასაკვირველია, მიზნად ისახავდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. დღევანდელი ხელისუფლება არ ატარებს იმ პოლიტიკას, რაც ე.წ პარტნიორებს აწყობს და ცხადია, მათი ამოცანააა, ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ისეთი აგენტურის მოყვანა, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება მათ ბრძანებებს. ეს ადამიანები უსიტყვოდ დაემორჩილებიან თავიანთ პატრონებს და საქართველოში გააკეთებენ იმას, რაც სურს არა ამ ქვეყანას და მის მოსახლეობას, არამედ იმას, რაც მათ სურთ“, – განაცხადა გვიდიანმა.

ანდრია გვიდიანმა პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი დგას უცხო ქვეყნის საელჩოების სამსახურში და ის არ ემსახურება საქართველოს, ქვეყნის მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს, რაც ყველასთვის ნათელია.

„მაგალითად, 26 მაისს მის გამოსვლას რომ ვუყურებდი, სოციალურ ქსელში სტატუსიც გამოვაქვეყნე და შევადარე უცხო ქვეყნის აგენტს, რომელიც პრეზიდენტის სახელით საუბრობდა. წარმოუდგენელი რაღაცები იკადრა ამ ქალბატონმა – საკუთარი ქვეყნის ჯარი გალანძღა და საკუთარი მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებს ტალახი ესროლა. მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. ვის თავში შეიძლება, მოიხარშოს ასეთი ტექსტის დაწერა, მე ვერ გავიგე. ეს წარმოუდგენელი რაღაც არის“, – განაცხადა გვიდიანმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს, შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, ანდრია გვიდიანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილისგან არაფერს არ გამორიცხავს.

„ალბათ თუ ასეთი სახის გადაწყვეტილებას მიიღებს გვარამიასთან ან სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს იქნება იმ დიდი კონიუნქტურის შემადგენელი ნაწილი, რაც საქართველოს ფარგლებს გარედან ქვეყნის მიმართ მომდინარეობს. არის უამრავი ადამიანი, რიგი ევროპარლამენტარები, ლობისტები და ა.შ. ვინც საქართველოს შიდა საქმეებში გარედან ჩარევას ცდილობენ და მათ აქ ჰყავთ თავიანთი დასაყრდენი. ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი არის იმ წრის ერთ-ერთი წევრი და, შესაბამისად, არაფერს არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.