ანდრია გვიდიანი - ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ივნისში არ გაზარდა
ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მონეტარული პოლიტიკა ივნისის ნაცვლად სექტემბერში გაამკაცრა და ინფლაციის მართვის თვალსაზრისით, პრევენციული ზომების მიღება დააგვიანა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სექტემბერსა და ოქტომბერში გაზრდამ ეფექტი ეროვნული ვალუტის კურსსა და ინფლაციაზე შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასწყისში მოახდინოს. ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.
გადაცემაში მიზნობრივზე ორჯერ მაღალი ინფლაცია და აქედან გამომდინარე გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, არსებული ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი – 6.9 პროცენტი – მიზნობრივ სამ პროცენტს რომ ორჯერ აღემატება, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ხარვეზმა განაპირობა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მაღალი ინფლაციის გამო, ეკონომიკის ზრდას პრობლემები შეექმნას.
გვიდიანის მოსაზრებით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯერ კიდევ ივნისში უნდა გაეზარდა, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია დაიწყო და ინფლაციაზე ლარის გაუფასურების გავლენის საფრთხე მკაფიოდ გამოიკვეთა.
„როდესაც ინფლაციისა და ვალუტის კურსის ურთიერთმიმართებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა შევხედოთ არა ნომინალურ გაცვლით კურსს, არამედ ეფექტურ გაცვლით კურსს. ეფექტური კურსი თავის თავში გულისხმობს: ჩვენს ქვეყანაში არსებულ ნომინალურ გაცვლით კურსს, იმ იმპორტიორი ქვეყნის ნომინალურ გაცვლით კურსს, საიდანაც იმპორტს ვახორციელებთ და ამას დამატებული იმპორტიორ ქვეყანაში არსებული ფასების საერთო დონე ანუ ინფლაცია. ეფექტურმა გაცვლითმა კურსმა გაუარესება როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ეკონომიკებთან მიმართებით, მაისიდან დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ორ დიდ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამოცოცხლებულმა ეკონომიკამ და იქ არსებულა პოზიტიურმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა ჩვენს ეკონომიკასა და გაცვლით კურსზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსი ეტაპობრივად უფასურდებოდა. ეს თავის მხრივ ნიშნავდა, რომ ეს ფაქტორი ინფლაციაზე ავტომატურად დაგვარტყამდა. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ივნისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ გაზარდა და ინფლაციის მართვისა და მიზნობრივ ნიშნულზე დაჭერის თვალსაზრისით, გარკვეული პრევენცია არ მოახდინა. შესაბამისად, ამან შეუქცევადი სახე მიიღო. ამას დაემატა 20-21 ივნისის ცნობილი მოვლენები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლება ივლისსა და აგვისტოში ჯერ 14 და მერე 11 პროცენტით. ამან ინფლაციაზე წნეხი ერთი-ორად დაამძიმა. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ჯერ 0.5 პროცენტით [სექტემბერში] და მერე რიგგარეშე კომიტეტის სხდომაზე ერთი პროცენტით – ეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის თვალსაზრისით ძალიან დიდი ნახტომი იყო. ამან უკვე შექმნა პრობლემები და კიდევ შექმნის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორების თვალსაზრისით“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
მისი განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის დაგვიანებით ზრდა შედეგსაც გვიან გამოიღებს.
„როდესაც მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, ამას ხშირად საშუალოვადიანი პერსპექტივა აქვს. ვგულისხმობ, რომ ჩვენ რომ მონეტარული პოლიტიკა ივნისში გაგვემკაცრებინა, ინფლაციის მართვის თვალსაზრისით შესაბამისი ზომები მიგვეღო და ბერკეტები გამოგვეყენებინა, დღეს შედეგი უკვე დადგებოდა. მაგრამ სექტემბერსა და ოქტომბერში გაზრდილმა განაკვეთმა შედეგი შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გამოიღოს“, – განუცხადა ანდრია გვიდიანმა „ბიზნესპარტნიორს“.