ანდრეს მამიკინსი - ბიძინა ივანიშვილი გავლენიან პოლიტიკოსად რჩება საქართველოში და სურვილი მაქვს, მისი ხედვა მოვისმინო გარკვეულ საკითხებზე
ევროპარლამენტის წევრი ანდრეს მამიკინსი ფიქრობს, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება გაერთიანების ლიდერი.
„ქართულმა ოცნებამ“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება პარტიის ლიდერი. ეს მათი საქმე და მათი გადასაწყვეტია“, – განუცხადა პირველ არხს ანდრეს მამიკინსმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში.
„რაც შეეხება შეფასებას, ბიძინა ივანიშვილი იყო თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარტიის ლიდერი და ახლა მისი დაბრუნება მხოლოდ ფორმალობაა. ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ გავლენიან პოლიტიკოსად რჩება ქართულ პოლიტიკურ სცენაზე“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ანდრეს მამიკინსის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი აქვს, რადგან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე ახალ ანგარიშს ამზადებს და გარკვეულ საკითხებზე ივანიშვილის ხედვის მოსმენა სურს.
„მე ვარ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან მომხსენებელი საქართველოზე. ვამზადებ ახალ ანგარიშს ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის შესახებ. მე მაქვს კითხვები და მინდა, ეს კითხვები ბიძინა ივანიშვილს დავუსვა, მისი პასუხები მოვისმინო დემოკრატიაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს მომავალზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ამ კითხვებს პასუხი გასცეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საკუთარი ხედვა ამ საკითხების მიმართ“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.