ანდრეი სიბიგა - უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი რუსეთის სასტიკი მოპყრობა არის ბარბაროსობა, ომის კანონების უხეში დარღვევა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს. სიბიგა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები რუსეთის ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„უკრაინელი სამხედრო ტყვეებისადმი რუსეთის სასტიკი მოპყრობა არის აბსოლუტური ბარბაროსობა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის კანონებისა და წესების უხეში დარღვევა. სიკვდილით დასჯა სულ უფრო ხშირი ხდება. გაერო-ს მონაცემებით, სამხედრო ტყვეების 95 პროცენტი წამებას განიცდის, მათ უარს ეუბნებიან ფუნდამენტური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და მათთან წვდომას ზღუდავენ. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები. გასცეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი ჯალათებისა და მწამებლების დასაკავებლად. მოითხოვოს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მედიკოსების წვდომა მათი დაპატიმრების ადგილებში, ხელი შეუწყოს სამხედრო ტყვეებისა და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, კურსკის ოლქში რუსეთის ძალებმა ცხრა უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა გამოძიება დაიწყო, ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმა კი, გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა.