ანდრეი სიბიგა - ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნას დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებით უნდა უპასუხოს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებულ ჩამოვარდნას დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებით უნდა უპასუხოს. ამის შესახებ სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მინისტრის თქმით, რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუმინეთისა და ლატვიის საჰაერო სივრცის დარღვევა არის იმის შეხსენება, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის საზღვრებს სცდება.
„მოკავშირეების კოლექტიური პასუხი უნდა იყოს უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა დაასრულოს რუსეთის აგრესია, დაიცვას სიცოცხლე და შეინარჩუნოს მშვიდობა ევროპაში. ამისთვის უკრაინას სჭირდება კონკრეტული ქმედებები მოკავშირეებისგან”, – წერს სიბიგა.
ასეთ ქმედებებს შორის სიბიგამ დაასახელა დასავლეთის გადაწყვეტილება, გამოიყენოს თავისი საჰაერო თავდაცვა უკრაინის თავზე რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გაზრდა და უკრაინისთვის იარაღის გამოყენების შეზღუდვების მოხსნა.
„იმოქმედეთ, ახლა“, – აღნიშნა სიბიგამ.