ანდრეი სიბიგა - იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გავუსვი, რომ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესაძლებლობა
უკრაინის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის საკითხი, ასევე თავდაცვითი წარმოების გაძლიერება და უკრაინულ შეიარაღებაში ინვესტიციების გაზრდა.
„კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შეეძლოს, შეუზღუდავად გამოიყენოს არსებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, სიბიგამ იენს სტოლტენბერგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.