ანდრეი რუდენკო - რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ყველა ფაქტორის, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებას მოითხოვს
ანდრეი რუდენკო - რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ყველა ფაქტორის, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებას მოითხოვს

რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა ფაქტორის გათვალისწინებას, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„გაერთიანების შესახებ საკითხი ორი მხარის მონაწილეობას მოითხოვს. თავიდან შევხედავთ იმას, თუ რეფერენდუმის ჩატარების დროს როგორ მისცემენ ხმას სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და შესაბამისად, დაველოდებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან რეაქციას. აქ ​გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტორების მთელი ერთობლიობა, მათ შორის ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაცია, მაინცდამაინც დღეს ამ გადაწყვეტილების მიღების დროულობის და მიზანშეწონილობის საკითხი“, – განაცხადა რუდენკომ.

რუსი დიპლომატის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთი დააკვირდება 17 ივლისს დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმისთვის მზადებას.

რუდენკომ ასევე ცხინვალის მხრიდან უკრაინაში რუსეთის „სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის ორმხრივი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს. შესაბამისი დოკუმენტი ანდრეი რუდენკომ წარადგინა.