ანდრეი რუდენკო - გახელაძის დაკავების საკითხი არ შედის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში, ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა
გახელაძის დაკავების საკითხი არ შედის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში, ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც რუდენკომ აღნიშნა, ის მოუწოდებს ქართულ მხარესა და სამხრეთ ოსეთის მხარეს, იპოვნონ ამ საკითხის გადაჭრის გზა.
„ზაზა გახელაძის საკითხიც განიხილებოდა, როგორც ფორმალური შეხვედრების, ისე ორმხრივი კონტაქტებისას. გახელაძის დაკავების საკითხი არ შედის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში, ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა, ამიტომ ჩვენ ქართულ მხარესა და სამხრეთ ოსეთის მხარეს მოვუწოდებდით, ეპოვათ ამ საკითხის გადაჭრის გზა“, – განაცხადა რუდენკომ.
კითხვაზე, ქართული მხარე მოლაპარაკებებზეც უსვამდა ხაზს, რომ პასუხისმგებლობა სწორედ თქვენ გეკისრებათ, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთ-ერთ ქვეყანას, რასაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რუდენკომ აღნიშნა: „ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს ამ საკითხის მიმართ, ჩვენ არ ვახორციელებთ მათზე ეფექტურ კონტროლს, ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და ეს საკითხები მათთან უნდა გადაწყვიტოთ“.
ამასთან, ქართველი ჟურნალისტების კიდევ ერთ კითხვაზე, სტრასბურგის სასამართლომაც კი აღიარა რუსეთის ეფექტური კონტროლი, რუდენკომ განაცხადა: „ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას“.
ამასთან, ზაზა გახელაძის საკითხზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ცხინვალის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი, რომელმაც ქართველი ჟუნალისტების კითხვას ასე უპასუხა: „არანაირი კომენტარი, ის გასამართლებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს“.