ანდრეი კასიანოვი - უკრაინული მხარე გააგრძელებს საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად
უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინა დაიცავს თავის ყველა მოქალაქეს, მათ შორის სააკაშვილს.
„პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე სააკაშვილის ადვოკატებთან. 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა კასიანოვმა.