ანდრეი კასიანოვი - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის ავანსი, წახალისება, უკრაინა ამ გადაწყვეტილებამდე 30 წლის განმავლობაში მოდიოდა
ანდრეი კასიანოვი - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის ავანსი, წახალისება, უკრაინა ამ გადაწყვეტილებამდე 30 წლის განმავლობაში მოდიოდა

მინდა, მოგილოცოთ ქართველ ხალხს გუშინდელი გადაწყვეტილება ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. 23 ივნისი უკვე შევიდა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის მომავლისთვის.

როგორც კასიანოვი ამბობს, ეს არ არის ავანსი და წახალისება უკრაინისთვის, არამედ უკრაინა ამ გადაწყვეტილებამდე 30 წლის განმავლობაში მიდიოდა.

„პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ ქართველ ხალხს გუშინდელი გადაწყვეტილება ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. 23 ივნისი უკვე შევიდა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ისტორიაში. უკრაინა გმირულად აგრძელებს საკუთარი მიწის დაცვას რუსი დამპყრობლებისგან. მივესალმებით ევროპული საბჭოს მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის მომავლისთვის. ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მოდიოდა, ამისთვის გამოვიდა უკრაინა ევრომაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე. 120 დღეზე მეტია, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ ევროპისა და დემოკრატიისთვის. სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის. ევროკავშირი იცვლება, ის ხდება უფრო ძლიერი და იქნება უფრო მზად, რათა დაიცვას საკუთარი ღირებულებები, არ იქნება დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.

უკრაინა თავის წვლილს შეიტანს ევროპის გაძლიერებაში. ასევე შეიცვალა გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე, უკრაინამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. სწრაფად იყო მიღებული და შევსებული კითხვარი, ასევე, სწრაფად ევროკომისიამ გააკეთა დასკვნა, ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია უკრაინის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვართ, დაჩქარებული ტემპები შემდეგშიც შენარჩუნდება და უკრაინა მზად არის ამისათვის. ეს პოზიტიური გადაწყვეტილება გახდა ჩვენი მიღწევების შედეგი, კერძოდ, უკრაინამ მრავალი რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. სტატუსის მინიჭება რუსეთს ძალიან ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აძლევს, იმის სიგნალს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, ვიდრე უკრაინა არ მოიპოვებს საბოლოოდ გამარჯვებას“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. 

ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გუშინვე მიენიჭათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.