ანდრეი კასიანოვი - სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიგვიღია პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე
ანდრეი კასიანოვი - სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიგვიღია პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე

სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

ანდრეი კასიანოვის თქმით, უკრაინას სჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსთვის სრულიად გამართლებული იყო.

„ჩვენ ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსთვის, იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენაზე, სიცოცხლესა თუ სიკვდილზე, სრულიად გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი იყო. ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა საქართველოს ლტოლვილების ევაკუაციაში, სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას 2008 წელს. ასევე, გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაეცვათ უკრაინა ჩვენი ქვეყნების საერთო მტრისგან, რუსეთის ფედერაციისგან“, – განაცხადა კასიანოვმა.

ამასთან, კასიანოვის თქმით, უკრაინული მხარე უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით. უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და ტექნიკა, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდებოდა გამოყენების ზღვარს და მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს. უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება  ენერგეტიკის სისტემის აღდგენაში, გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისა და სკოლებისთვის. კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიანთ განზრახვაში, მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას თხოვნით და, სამწუხაროდ, დადებითი პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა კასიანოვმა.

ასევე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული აცხადებს, რომ უკრაინას მორალური მხარდაჭერაც სჭირდება.

„ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნებს საერთო მტრისგან, რუსეთის ფედერაციისგან“, – განაცხადა კასიანოვმა.