ანდრეი კასიანოვი - არასოდეს მოვუწოდებდით საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ, ხაზს ვუსვამდით სანქციების მკაცრი დაცვისა და განხორციელების მნიშვნელობას
უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს არასდროს უცდია და არ ცდილობს თავისი თანაბარუფლებიანი პარტნიორების არახელსაყრელ მდგომარეობაში დაყენებას. როგორც კასიანოვი ამბობს, ასოცირებული ტრიოს პრეზიდენტების ყურადღების ცენტრში საერთო მიზნები და ურთიერთმხარდაჭერა იყო.
„მინდა, რამდენიმე კომენტარი გავაკეთო, რომელიც ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ადანაშაულებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს ბატონ არახამიას, რომ ის ცდილობს, მოახდინოს საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების სტატუსის ბლოკირება. უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის მისწრაფებებს, ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. უკრაინულ მხარეს არასდროს უცდია და არ ცდილობს თავისი თანაბარუფლებიანი პარტნიორების არახელსაყრელ მდგომარეობაში დაყენებას.
უკრაინა არ აცხადებდა, რომ მას აქვს ექსკლუზიური სტატუსი ან რაიმე უპირატესობები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რიგში. საერთო მიზნები და ურთიერთმხარდაჭერა იყო ასოცირებული ტრიოს პრეზიდენტების ყურადღების ცენტრში, რომლებიც ერთი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების შეურაცხმყოფელი და არამეგობრული რიტორიკა სამართლიანად იწვევს გაუგებრობას, იმედგაცრუებას და ზოგჯერ უკრაინული მხარის აღშფოთებას. ასეთი აგრესიული განცხადებები არ შეესაბამება საქართველოსთან ჩვენი მრავალწლიანი ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას და არანაირად არ ასახავს მეგობარი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას უკრაინას მიმართ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
კასიანოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არასოდეს მოუწოდებდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ. მისივე განცხადებით, უკრაინა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არ ერევა.
„რაც შეეხება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებებს, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების შეუძლებლობის თაობაზე, ჩვენ არასოდეს მოვუწოდებდით საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ცალკეული ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საქართველოს მხრიდან მკაცრი დაცვისა და განხორციელების მნიშვნელობას.
მინდა, გავაკეთო კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ცდილობენ, საქართველო შეათრიონ რუსეთთან ომში და ასევე, გახსნან მეორე ფრონტი. მოგეხსნებათ, უკრაინას არასდროს მოუწოდებია არაფრისკენ და არანაირად არ ერევა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან, როგორც აგრესორ და ასევე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპანტ სახელმწიფოსთან მიმართებით“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.